„იმუშავე საქართველოდან" პროექტში ჩართვის სურვილი უცხო ქვეყნის 1800-ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა - ტურიზმის ადმინისტრაცია

პუბლიკა

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, „იმუშავე საქართველოდან” პროექტში ჩართვის სურვილი 1800-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქემ გამოთქვა.

„იმუშავე საქართველოდან” პროექტი მთავრობამ პანდემიის პირობებში ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად შეიმუშავა.

„პროექტის მიზანია, საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი საერთაშორისო ვიზიტორთა მიღება, რომელთა საშუალო დაყოვნების პერიოდი გაუტოლდება 6 თვეს, ხოლო საშუალო ყოველთვიური შემოსავალი იქნება 2 000 აშშ დოლარზე მეტი.

„იმუშავე საქართველოდან” პროექტში მონაწილეობის მისაღებად ქვეყანაში ჩამოსვლის და დისტანციურად მუშაობის დასაწყებად: 2020 წლის 27 აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრის ჩათვლით 90 ქვეყნის 2 190 უცხო ქვეყნის მოქალაქე დარეგისტრირდა. ტოპ ქვეყნებს შორისაა აშშ, უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, კანადა. მიღებული აპლიკაციებიდან 1 500-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქეს პროგრამაში მონაწილეობის უფლება მიეცა. პროექტის ფარგლებში საქართველოში უკვე შემოვიდა 742 პირი.

მიღებული აპლიკაციების რაოდენობიდან: 58% თვითდასაქმებულია, 26% სრულ განაკვეთზე მუშაობს, ხოლო 16% მეწარმეა. პროექტის ფარგლებში ქვეყანაში ჩამოსული 742 უცხო ქვეყნის მოქალაქე უდრის 5 936 ღამეს საკარანტინე სასტუმროში, რაც საშუალო ღირებულების (70$) გათვალისწინებით 1 413 000 ლარამდე მიღებულ შემოსავალს უდრის. პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული 742 პირი საშუალოდ 6-თვიან პერიოდში უდრის 9 მილიონამდე აშშ დოლარის პოტენციურ დანახარჯს.

დადასტურებული 2 190 რეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის აპლიკაცია საშუალოდ 6-თვიან პერიოდში უდრის 26 მილიონი აშშ დოლარის პოტენციურ დანახარჯს. მოცემული ინდიკატორების შესრულებით, ქვეყანა იღებს გრძელვადიან საერთაშორისო ვიზიტორებს, რომლებიც საკუთარ დანაზოგებს დახარჯავენ ტურისტული, სამომხმარებლო სერვისისა და პროდუქციის მიღების მიზნით. პროექტის მონაწილეები საქართველოში, თანმხლებ პირებთან, ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოდიან”, – აცხადებს ტურიზმის ადმინისტრაცია.