დღეს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილის 100 პროცენტის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხი განიხილა.
შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ მფლობელი ინა გუდავაძეა და ის ტელეკომპანია „იმედის“ 100%-იანი წილის მფლობელია. ეს კომპანია ასევე ფლობს 100%-იან წილს GDS tv -სა და შპს „რადიო იმედში“.
მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე ითქვა, რომ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენის“ ყიდვა სურს ნიდერლანდებში რეგისტრირებულ შპს „მედია ფაინანს გრუპს“, რომლის ბენეფიციარები არიან: აშშ-ის მოქალაქე იგორ ალექსეევი, ასევე აშშ-ის მოქალაქე ირაკლი რუხაძე და დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ბენჟამინ ალბერტ მარსონი.
მარეგულირებელი კომისიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, კომისიის გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.