ინდიანაპოლისში სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ფეხმძიმე – CNN

პუბლიკა

აშშ-ში, ინდიანაპოლისში სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის – ფეხმძიმე ქალის, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი და ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინფორმაციას გამოცემა CNN ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლიციამ პირველი დაღუპული, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის აშკარა კვალი ეტყობოდა, ქალაქის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იპოვა, სადაც მოგვიანებით, დანარჩენების ცხედრებიც აღმოაჩინეს.

ქალაქის მერმა მომხდარი შეაფასა, როგორც „მასობრივი მკვლელობა“. მისი თქმით, შემთხვევამ ქალაქში პანიკა გამოიწვია.

გამოძიება ჯერ საწყის ეტაპზეა, თუმცა პოლიციის უფროსმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახლა დაღუპულებს შორის კავშირი დგინდება, რადგან, მისი მტკიცებით, მკვლელობა შემთხვევით ხასიათს არ ატარებს.

CNN-ის ცნობიტვე, ამ ეტაპზე, პოლიციამ თავდამსხმელის იდენტიფიცირება ვერ მოახერხა. უცნობია დანაშაულის ჩადენის მოტივიც. პოლიცია არ გამორიცხავს ვერსისაც, რომ შეიძლება, რამდენიმე ბოროტმოქმედი იყოს.