ჟურნალ „ინდიგოს“ ცნობით, ანტიკორუფციულმა ბიურომ „გრანტების კანონის“ საფუძველზე მათ მიმართ წარმოება დაიწყო.
„ცხადია, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ და ვემსახურებით მისიას, რომელმაც შეგვქმნა – თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვისთვის, თავისუფალი აზრისა და იდეებისთვის ვაგრძელებთ მუშაობას.
თქვენ ყველაზე კარგად იცით, რას ვაშუქებთ, რატომ აღვწერთ და როგორ ვყვებით ამბებს.
ახლაც გვჯერა, რომ ამ რთულ დროს, როდესაც ქვეყანაში სამართლიანი მართლმსაჯულების რწმენა დაკარგულია, ერთმანეთის თანადგომა, პრინციპულობა და სიმართლე გაიმარჯვებს.
ინდიგო მუდამ დააკვირდება და აღწერს ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემო ხდება, რაც აღგვაფრთოვანებს, გვიზიდავს, გვაშინებს და შთაგვაგონებს“, – წერია „ინდიგოს“ განცხადებაში.
„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებით, მთავრობის ნებართვის გარეშე უცხოური გრანტების გაცემა აიკრძალა. მთავრობის თანხმობის გარეშე მიღებული გრანტი იწვევს მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით ჯარიმას. აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო ახორციელებს.
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ანტიკორუფციულმა ბიურომ მოკვლევა რამდენიმე მედიასაშუალების მიმართ დაიწყო, მათ შორის არიან: პროექტი 64, მთის ამბები, GMC.