„ინდივიდუალური ძალადობა აუცილებელი არ არის" | რა თქვეს მხარეებმა ვიდეომტკიცებულებებზე

პუბლიკა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 15 პირის საქმეზე ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. ბრალდების მხარემ გუშინ, 9 იანვარს 13 ბრალდებულების (გიორგი ჩახუნაშვილის, ია დარახველიძის, დავით ღურწკაიას, გენადი კელიხაშვილის, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, ალექსანდრე გოგოლაძის, ევა შაშიაშვილის, კახაბერ მჟავანაძისა, დავით სტურუას) შესახებ საქმეში არსებული ვიდეოები წარადგინა. მომდევნო პროცესზე ზაქრო ალბუთაშვილზე ნახავენ კადრებს.

გიორგი ჩახუნაშვილთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ წარმოადგინა „TV პირველის” პირდაპირი ეთერიდან ნაწყვეტი. პროკურორ როინ ხინთიბიძის თქმით, ვიდეოში ჩანს, რომ ჩახუნაშვილი შიგნით, ანუ სასახლის ეზოში რომ იმყოფება. „შესვლა და შიგნით ყოფნა ჩანს“, – აღნიშნა მან.

შემდეგ აჩვენეს ია დარახველიძის შესახებ რამდენიმე ვიდეოფაილი. პროკურორის თქმით, მასში ასახულია ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მისი მონაწილეობა.

„ამ ვიდეოში ჩანს საგნის სროლის ფაქტი“, – აღნიშნა პროკურორმა ერთ-ერთი ვიდეოს კომენტარად. დაცვის მხარეს ამ ეტაპზე, ვიდეოსთან დაკავშირებით, კომენტარი არ გაუკეთებია.

დავით ღურწკაია – პროკურორმა აღნიშნა, რომ ვიდეოში ჩანს, რომ ღურწკაია, სხვა პირებთან ერთად, იმყოფებოდა ათონელის სასახლის ეზოში. პროკურორის მიერ მითითებულ პიროვნებას ამ კადრებში იერსახე არ უჩანს. პროკურორისვე განმარტებით, საქმეში არსებული მეორე ვიდეო, სადაც ღურწკაია ყვავილს ისვრის, პირის იდენტიფიცირებისთვის გამოიყენეს, რის საფუძველზეც შემდგომ მოხდა გაიგივება.

„იგივე ჩაცმულობით ადამიანი გადადის სასახლის ეზოში“, – განაცხადა პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.

გენადი კელიხაშვილთან დაკავშირებით პროცესზე ბრალდების მხარემ ასევე რამდენიმე ვიდეოფაილი გახსნა. პროკურორი მიანიშნებდა გარკვეულ საგანზე, რომელიც წარმოდგენილ ვიდეოში ბრალდებულს ხელში უჭირავს. ბრალდების მხარის თქმით, ეს საგანი მან მოგვიანებით სასახლის მიმართულებით ისროლა.

რამაზ ჯორბენაძე – პროკურორის თქმით, წარმოდგენილ ვიდეოში ჩანს ის, რომ რამაზ ჯორბენაძე ათონელის სასახლის ეზოში შედის. ადვოკატმა მას სთხოვა, დაეკონკრეტებინა – გარდა შესვლისა, ჩანს თუ არა რაიმე სხვა [მაგალითად ძალადობა ვინმეზე]. პროკურორმა აღნიშნა, რომ რაც იქ ხდება, არის ჯგუფური ძალადობა, ვიდეოში კი ასახულია პირთა მიერ როგორც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ასევე, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა.

ჯანდრი თირქია – ბრალდების მხარემ პროცესზე აჩვენა „TV პირველის“ პირდაპირი ეთერიდან ნაწყვეტი ვიდეო. პროკურორის მითითებით, ვიდეოში ჩანს, რომ თირქია იმყოფება სასახლის ეზოში.

ადვოკატის კითხვაზე, ძალადობს თუ არა ის ვინმეზე, პროკურორმა აღნიშნა, რომ – ინდივიდუალური ძალადობა აუცილებელი არ არის ჯგუფური ძალადობის [შემთხვევაში].

„ჯგუფური ძალადობა შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა მოქმედებაში და ერთიანი ძალისხმებით მოახდინონ დანაშაულის ასრულება“, – განაცხადა პროკურორმა.

გოჩა ყატაშვილი –  ბრალდების მხარის თქმით, ვიდეოში ასახულია, რომ „ყატაშვილი მოუწოდებს აქციის მონაწილეებს“.

აღსანიშნავია, რომ ამ ვიდეოში ისმის მხოლოდ ჟურნალისტის ხმა. ჩანს მხოლოდ ბრალდებულის მიერ გამოხატული ჟესტები.

ყატაშვილთან დაკავშირებით აჩვენეს მეორე ვიდეოც, სადაც ის, სავარაუდოდ სასახლის ეზოში დგას.

სულხან აბრალავა – აბრალავასთან დაკავშირებით პროკურორმა აღნიშნა, რომ პირი, რომელიც ჯებირს ფეხს აძრობს და შემდეგ ისვრის სასახლის მიმართულებით, სულხან აბრალავაა. პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ვიდეოში პირს იერსახე სრულად არ უჩანს. მას პირბადე უკეთია.

ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებს აბრალავას იდენტიფიცირების საკითხს.

ადვოკატი: ტანისამოსი ამოღებული არაა?

პროკურორი: ექსპერტიზაზე ტანსაცმელი არაა გაგზავნილი.

„ექსპერტმა გააიგივა… ექსპერტი სწავლობს ამ ვიდეოებს სრულად, აკეთებს ტანისამოსის, ასევე მისი აღნაგობის გათვალისწინებით [გაიგივებას – სხვადასხვა ვიდეოკადრში აღბეჭდილი გამოსახულების]”, – აღნიშნა პროკურორმა.

კონსტანტინე კოკაია – „TV პირველის“ ვიდეონაწყვეტში ის იმყოფება სასახლის ეზოში.

ადვოკატებმა პროკურორს სთხოვეს დაეზუსტებინა – ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნული ფრაზა – „ახორციელებდა აქტიურ ძალადობრივი მოქმედებას“ – რაში გამოიხატა.

პროკურორმა ამ შემთხვევაშიც იგივე აღნიშნა, რომ „ერთიან აქტი, სადაც მონაწილეები სხვადასხვაგვარ ქმედებებს ახორციელებენ, ამის ერთობლიობა არის ჯგუფური ძალადობა“.

კახაბერ მჟავანაძე – პროკურატურამ აჩვენა ვიდეო, სადაც მათივე თქმით, მჟავანაძე იდგა ჭიშკართან და „ცდილობდა მის დაზიანებას, აჯანჯღარებდა მას”.

ამასთან დაკავშირებით მჟავანაძემ აღნიშნა, რომ – „ხმაურს ვიწვევდი. დაზიანება რომ მდომოდა, შევიდოდი შიგნით”.

ადვოკატის შეკითხვის შედეგად აღინიშნა, რომ ამ მომენტში ღობის სხვა ნაწილი უკვე გადაქცეული იყო.

ალექსანდრე გოგოლაძე – მასთან დაკავშირებით პროკურორმა თქვა, რომ ის სასახლის შიდა კართან არის მისული და მხოლოდ მას შემდეგ გამოდის გარეთ, რაც წიწაკის სპრეი გამოიყენეს მის მიმართ.

ევა შაშიაშვილი – მის ნაწილში მტკიცებულებები უდაოდ არის გამხდარი. პროკურორებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენილ ვიდეოში ევა შაშიაშვილი სასახლის მიმართულებით ისვრის გარკვეულ საგანს.

დავით სტურუა – მასთან დაკავშირებითაც წარმოდგენილ ვიდეოზე აღინიშნა, რომ სტურუა სასახლის ჭიშკრის დაზიანებას ცდილობს.

ადვოკატმა მოითხოვა დაზუსტება, თუ სად ჩანს „აქტიური ძალადობრივი მოქმედებები”. მისი თქმით, სტურუას ქმედება ჯდება პროტესტის გამოხატვის ფორმებში.

მისივე თქმით, სტურუა რამდენიმე წამში ტოვებს ჭიშკარს, ჯაჯგურის შეწყვეტის შემდეგ კი ჩანს, რომ ჭიშკარი დაზიანებული არაა.


15-პირიანი საქმეში ბრალდებულები არიან: დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კოსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანდრი თირქია.

მათ ბრალი სხვადასხვა მუხლით აქვთ წარდგენილი. კერძოდ:

დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კოსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია.

  • სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
  • ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;

ია დარახველიძე – ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;