ინდივიდუალური პროტესტისთვის 3000 ლარით დაჯარიმების კანონიერებას სასამართლო შეამოწმებს – GDI

პუბლიკა

GDI-მ თეიმურაზ პატარიძისთვის საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნების დარღვევის საფუძვლით დაკისრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართა.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ პატარიძესთან მიმართებით, ინდივიდუალურად პროტესტის გამოხატვისთვის, პოლიციის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი  უკანონოა და საგანგებო რეჟიმის მარეგულირებელი ნორმების დარღვევითაა გამოცემული.  გამომდინარე იქიდან, რომ გამოხატვის თავისუფლებას პრეზიდენტის დეკრეტით შეზღუდვები არ შეხებია, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მისი შეზღუდვა აჩენს ეჭვებს, რომ ხელისუფლება ბოროტად იყენებს არსებულ სამართლებრივ მდგომარეობას.

საქმე ეხება, მიმდინარე წლის 16 აპრილს, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ №181 დადგენილების (შემდგომში მთავრობის დადგენილება)  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის საფუძვლით კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების მიერ ინდივიდუალურად პროტესტის გამოხატვის გამო თეიმურაზ პატარიძის 3000 ლარით დაჯარიმებას.

„აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური პროტესტისას მოქალაქეებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობას ამ შემთხვევამდეც ჰქონდა ადგილი. მსგავსი მიდგომები კი გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლების მიერ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას არა ფრაგმენტული, არამედ მიზანმიმართული სახე აქვს. ეს იმ პირობებში, როდესაც  საგანგებო მდგომარეობა თავისთავად შეიცავს მაღალ რისკებს სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებაზე, ხოლო საფრთხეთა შემცირების თვალსაზრისითა და  დემოკრატიის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის გამოხატვის თავისუფლების დაცვა კიდევ უფრო მნიშნველოვან ღირებულებას იძენს ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.