ინდოეთის ერთ-ერთ სასტუმროში რუსი ბიზნესმენის შემდეგ მისი მეგობარი პოლიტიკოსიც დაიღუპა

პუბლიკა

ინდოეთში ქალაქ რაიაგადაში რუსი ბიზნესმენი და ვლადიმირის ოლქის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წევრი პაველ ანტოვი დაიღუპა.

როგორც რუსული მედია წერს, ოფიციალური ინფორმაციით, 65 წლის ანტოვი სასტუმროს მესამე სართულიდან გადავარდა. შემთხვევა 25 დეკემბერს მოხდა. 22 დეკემბერს კი იმავე სასტუმროში ანტოვის მეგობარი, 61 წლის ბიზნესმენი ვლადიმერ ბიდანოვიც დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, ბიდანოვმა დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიიღო და სასტუმროს ნომერში შეუძლოდ გახდა. მოგვიანებით კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

რაც შეეხება ანტოვის დაღუპვის საქმეს, ინდოეთში, კალკუტაში რუსეთის საკონსულოს ხელმძღვანელი ალექსეი იდამკინი ამბობს, რომ პოლიცია თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. მისი თქმით, „ჯერჯერობით საქმეში რაიმე კრიმინალის კვალი არ ჩანს“.

რუსული მედიის ინფორმაციით, ანტოვის სიკვდილის შემდეგ ნეკროლოგი გამოაქვეყნა ვლადიმირის ოლქის ადგილობრივმა ასამბლეამაც, რომლის დეპუტატიც იყო ბიზნესმენი. თუმცა სიკვდილის მიზეზი და გარემოებები არ დაუსახელებიათ.

ივნისში კიევში მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის დაბმომბვის შემდეგ, ანტოვმა Whatsapp-ზე თავდასხმა ასე შეაფასა – „სიმართლე რომ ვთქვა, რთულია ამას სხვა რამე უწოდო, თუ არა ტერორიზმი“. თუმცა კომენტარი ანტოვმა მალევე წაშალა და განაცხადა, რომ ეს ტექნიკური შეცდომა იყო და მხარს უჭერდა რუსეთის პრეზიდენტს.

უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ კი რუსი პოლიტიკოსებისა თუ ბიზნესმენების გაურკვეველ ვითარებაში სიკვდილის შემთხვევები გახშირდა.