ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 7 პაციენტს პნევმონია დაუდასტურდა – ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დილით პრესკონფერენციაზე ინფექციურ საავადმყოფოში 22 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 7 მათგანს პნევმონია განუვითარდა. აქედან ერთი პაციენტის მდგომარეობა არის შედარებით მძიმე, მაგრამ დაავადება არ პროგრესირებს და მისი მდგომარეობა რამდენიმე დღეა, სტაბილურია.

ეზუგბაიას განმარტებით, მიუხედავად მკურნალობისა, პაციენტების მდგომარეობა შეიძლება პროგრესირდეს. ეს არის დაავადების ხასიათი. ამიტომ ინფიცირებიდან, დაახლოებით, 13 დღემდე შესაძლებელია პროგრესირება, თუ პაციენტმა გადალახა ეს 13 დღე და მისი მდგომარეობა იქნება სტაბილური, ეს იმას ნიშნავს, რომ თანდათანობით დაიწყება გამოჯანმრთელება.

რაც შეეხება პირველ პაციენტს, ეზუგბაიას თქმით, მე-16 დღეზე ტესტირებით, პასუხი სუსტად დადებითია, ანუ ვირუსის კონცენტრაცია მაინც არის და საჭიროა, გაგრძელდეს მისი მეთვალყურეობა.

რაც შეეხება 25-ე, გუშინ დადასტურებულ შემთხვევას, მისი განმარტებით, ეს პაციენტი არ არის ახალი წყარო, არამედ არის არსებული წყაროებიდან. როგორც ვიცით, გვაქვს იტალიიდან 2 წყარო და ის ერთ-ერთი ამ წყაროსთან კონტაქტში მყოფი პირია.

მისივე განმარტებით, შემოტანილ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი პირების დაინფიცირებას ჰქვია პირველი გენერაცია, „ჩვენ ჯერ არ გავცილებულვართ ამ პირველ გენერაციას, და ეს არის კარგი“.