ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ კოვიდპანდემიის დროს გამოყოფილი თანხების ხარჯვის აუდიტის ფარგლებში სამინისტროს ინფექციური საავადმყოფო არ შეუმოწმებია და ამას არ გეგმავს.
„ცალკე აღებული, ინფექციური საავადმყოფო ჩვენ არ შეგვიმოწმებია და არც ვაპირებთ იმიტომ, რომ ვფიქრობთ, იქ არიან ისეთი მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, რომლებიც პირიქით, თვალსაჩინო მაგალითები არიან სხვადასხვა კლინიკებისთვის, თუ როგორ უნდა მართონ ადგილზე ინფექციები და კლინიკა სწორად“, – თქვა მინისტრმა.
მისი განცხადებით, თენგიზ ცერცვაძე თავის თანამშრომლებთან ერთად კლინიკების შემოწმების წესის შექმნაში ჩართულია.
„ბატონი ცერცვაძე არის ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი, ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტი, ინფექციონისტი ქვეყანაში და აქედან გამომდინარე მასთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია. ის ინფექციის კონტროლის კუთხით, თავის თანამშრომლებთან ერთად, ჩართულია კონტროლის იმ წესის შემუშავებაში, იმ პროექტის შექმნაში, რითაც ჩვენ მივყვებით და კლინიკებს ვამოწმებთ. და ის უშუალოდ ჩართულია, თუ რომელ კლინიკაში რა სიტუაციაა ამ კუთხით და აქედან გამომდინარე მადლობა მინდა გადავუხადო მას ასეთი აქტიური ჩართულობისთვის“, – განაცხადა აზარაშვილმა „ქრონიკასთან“.