ინფექციურში მოთავსებულ ირანის 4 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა - ცერცვაძე

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ირანის 4 მოქალაქეს, რომლებიც საავადმყოფოში იწვნენ, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. ინფექციურში გამოკვლევების პასუხი დღეს მიიღეს.

„ყველანაირი გამოკვლევა ჩაუტარდათ. არც ერთ მათგანს პნევმონია არ დაუდგინდა, ასევე არ აღმოაჩნდათ გრიპი. სულ ახლახანს კი მივიღეთ პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან, რომლის მიხედვითაც მათ არც ახალი, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ოთხივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ტემპერატურა არ მომატებიათ, ინფექციურში კი იმიტომ მოათავსეს, რომ აეროპორტში თერმოსკრინინგით მომატებული ტემპერატურა დაუდგინეს.

ბოლო პერიოდში ირანში კორონავირუსით გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ირანში კორონავირუსთან დაკავშირებით ეპიდსიტუაციის გაუარესება არის სერიოზული პრობლემა მისი მეზობელი ქვეყნებისთვის.

ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხის გამო ირანში მოგზაურობაზე თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

CNN-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირების 80 000-მდე შემთხვევა დადასტურდა. ვირუსს 2 462 ადამიანი ემსხვერპლა, 20 მათგანი ჩინეთს გარეთ.