ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული 54 შემთხვევიდან 35 ადამიანი ინფექციურ საავადმყოფოში წევს. დანარჩენი 19 კი სხვა 5 კლინიკაში. სამმა პაციენტმა უკვე დატოვა კლინიკა. მისივე თქმით, ინფექციურში ჩატარებული განმეორებითი ტესტირებით 5 პაციენტია გამოჯანმრთელებული. ჯამში 8 პაციენტი ითვლება გამოჯანმრთელებულად.
“ამ ხუთიდან ორმა უკვე დატოვა ცენტრი. ჯამში ჩვენი ცენტრი დატოვა 5 პაციენტმა. 3 გამოჯანმრთელებულია, მაგრამ მათთან პარალელურად იყო პნევმონია და მოხდება კლინიკური შეფასება და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება ეს სამი პაციენტიც დატოვებს ჩვენს ცენტრს”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ინფექციურის ცენტრში დარჩენილი 30 პაციენტიდან 4 პაციენტის მდგომარეობა პროგნოზულად სერიოზულია.
“ოთხივესთან სხვადასხვა ასაკობრივი ზღვარია. ყველასთნ თან არსებული მძიმე დაავადებებია. აქედან გამომდინარე არსებულ მკურნალობას ექვემდებარებიან და მზარდი პროგრესირება არ შეიმჩნევა, თუმცა არაერთხელ გვითქვამს, რომ მიუხედავად მკურნალობისა შეიძლება დაავადების პროგნოზირება გაგრძელდეს”, – განაცხადა მარიან ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას შეკითხვა მარნეულიდან გადმოყვანილ ქალზე დაუსვეს. მისი თქმით, მისთვის უცნობია, როგორია მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის მდგომარეობა.
ეზუგბაიას თქმით, გუშინ 12 პაციენტზე ჩატარდა კვლევა და 12 პაციენტის პასუხი უარყოფითი იყო, დილით 6 პაციენტზე უნდა ჩატარდეს კვლევა.
გუშინ მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევის დადასტურების შემდეგ, მარნეული და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა შეიზღუდა და მას შს სამინისტროსთან ერთად ჯარი აკონტროლებს.
ამირან გამყრელიძის თქმით, მარნეულში მცხოვრებ ინფიცირებულ ქალთან მყოფი 86 კონტაქტი ინდენტიფიცირებულია, მაგრამ, სავარაუდოდ, კონტაქტების წრე უფროა დიდია, სწორედ ამის შემდეგ მიიღო მთავრობამ მუნიციპალიტეტების საკარანტინო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება.