ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალინფიცირებული 16 პაციენტის ინფიცირების წყაროები ცნობილია.
ინფექციურ კლინიკაში მათგან შეყვანილია 7 პაციენტი, იქ ჯამში მოთავსებულია 47 კოვიდადასტურებული ადამიანი.
„ჩვენთან გაეწერა ერთი გამოჯანმრთელებული და გახდა 68. გვყავდა 40 პაციენტი დადასტურებული, დაგვემატა 7 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ერთი არის მძიმე, კრიტიკული მდგომარეობით. ეს არის მაღალი ასაკის პირი, რომელსაც მძიმე ჰიპერტონიული დაავადება აქვს, რისკის მატარებელია ასაკით და თანმხლები დაავადებით”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
7 ახალინფიცირებულს შორის ინფექციურში შეყვანილია 3 მოზარდი, არსებული მონაცემით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში სულ 13 მოზარდი მკურნალობს.
კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 5-ს აქვს მძიმე პნევმონია. ეზუგბაიას განცხადებით, ახალშემოსულებიდან 2-თან პნევმონია მძიმეა, თუმცა ისინი განსაკუთრებით მძიმე პაციენტებად არ მოიაზრებიან.
საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური საიტის, stopcov.ge-ის მიხედვით, 2 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 582 შემთხვევა. გუშინდელთან შედარებით, ინფიცირებულთა რიცხვი 16-ით გაიზარდა.
ინფიცირებულთა შორის გამოჯანმრთელებულია 207, გარდაცვლილი კი – 7 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5025, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540 ადამიანი; უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.