ინფიცირებული ბავშვის ისტორია ევროპაში მოგზაურობას უკავშირდება - მინისტრი

პუბლიკა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ დღეს ბათუმში დადასტურებული ახალი შემთხვევის შესახებ ისაუბრა. ინფიცირებული 10 წლის ბავშვია, რომელიც გადმოჰყავთ თბილისში და რომლის ისტორიაც ევროპაში მოგზაურობას უკავშირდება, კონკრეტულად საფრანგეთს. ის კარანტინში იმყოფებოდა ბებიასთან ერთად.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სამინისტრომ გაითვალისწინა ოჯახის თხოვნა და ის გადაჰყავთ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც გააგრძელებს მკურნალობას.

მისი თქმით, ბათუმში შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა არსებობს ბავშვის მკურნალობისთვის, თუმცა ოჯახი თბილისიდან არის და ამიტომ ოჯახის თხოვნით ბავშვი მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გააგრძელებს.

საქართველოში კოვიდ-19-ის 117 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა.