ინფიცირებული პირის თანამგზავრს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - გამყრელიძე

პუბლიკა

ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირი ირანიდან საქართველოს მიმართულებით სამარშრუტო ტაქსით მგზავრობდა. გამყრელიძის თქმით, მას შემდეგ, რაც მას საზღვარზე დაუფიქსირდა გარკვეული სიმპტომები, შესაბამისი ეკიპირებით გადაიყვანეს ბოქსირებულ განყოფილებაში.

„მასთან ერთად რამდენიმე ადამიანი მგზავრობდა და ისინი აზერბაიჯანში არიან კარანტინში.  ერთი ადამიანი იმყოფება ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ რეაქცია უარყოფითია“, – აცხადებს გამყრელიძე.

გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე 50 წლის მამაკაცია, რომელიც მეგობართან ერთად ერთი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა ირანში.

მისივე თქმით, ვირუსის დაფიქსირების შესახებ აზერბაიჯანის შესაბამის სამსახურებს, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას დღეს შეატყობინებენ.

ამირან გამყრელიძის რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა შეზღუდონ მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, სადაც დღეს კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია (ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალიის ჩრდილოეთ ნაწილი) „ასევე რეკომენდებულია: ხშირად ხელების დაბანა, სველი წესით სახლის დალაგება, ხშირი განიავება, თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება; თუ  გვაქვს გარკვეული რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, სასურველია ქირურგიული პირბადის ხმარება და რაც მთავარია, თუ გვაქვს სიმპტომები – ხველება, ტემპერატურის მომატება, სუნთქვის გაძნელება და ამასთან, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვიყავით რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყანაში, სადაც დღეს კორონავირუსული ინფექციაა გავრცელებული, აუცილებელია, მივმართოთ ექიმს, ოჯახის ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც დასახელებულია. ოთხი ინფექციური პროფილის კლინიკაა ქვეყანაში – თბილისის ცენტრალური, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები, სადაც ადამიანს ჩაუტარდება შესაბამისი კლინიკური კვლევები, შემდეგ ნაცხი გადმოიგზავნება ლუგარის ცენტრში, ჩატარდება კვლევა და მიიღება გადაწყვეტილება, არის თუ არა ინფიცირება კოროვარუსული ინფექციით.“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე

დღეს კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში.