საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის სტატისტიკაზე ისაუბრა.
გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში, დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა 4500-დან 5000-მდე აღწევს. მათგან რამდენია ექიმი, ამასთან დაკავშირებითაც დამატებითი კვლევა ტარდება.
„დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა 4500-დან 5000-მდეა. აქ ვგულისხმობ ყველას, ვინც მუშაობს სამედიცინო დაწესებულებაში. იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია მათი ინფიცირება – ინფიცირება მოხდა სამედიცინო გარემოში, თუ საყოფაცხოვრებო პირობებში – უფრო ხშირად, სამწუხაროდ, სამედიცინო პერსონალის ინფიცირება, ჩვენი გამოცდილებით, მოხდა საყოფაცხოვრებო პირობებში. ამ ყველაფერზე იგეგმება ჩაღრმავებული კვლევა და როგორც კი გვექნება ეს კვლევა, რა თქმა უნდა, გაგიზიარებთ“, – აღნიშნა გაბუნიამ.
ის განმარტავს, რომ ეს რიცხვი ასახავს ეპიდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში საქართველოში სამედინიცო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს შორის ინფიცირების რაოდენობას.