ინფიცირებულთა ასაკი, გამოხატული სიმპტომები, ტესტირებათა რაოდენობა - NCDC სტატისტიკას აქვეყნებს

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) კორონავირუსით ინფიცირების შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში ინფიცირებულ 269 პაციენტზე ინფორმაციას მოიცავს.

NCDC-ის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 43, მაქსიმალური ასაკი კი 87 წელია. რაც შეეხება სქესის მიხედვით განაწილებას, ინფიცირებული კაცებისა და ქალების რაოდენობა, ფაქტობრივად, თანაბარია და 50/50-ზე იყოფა.

15-29 და 30-39 ასაკობრივი ჯგუფის მონაკვეთში ქალების რაოდენობა გამოხატულად აღემატება კაცების რაოდენობა, 50-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში კი პირიქით.

ზოგადად, 269 პაციენტის მონაცემებით, ყველაზე მეტი ინფიცირებული ახალგაზრდებს შორისაა – 15-29 ასაკობრივ ჯგუფში (22%), შემდეგ მოდის 50-59 წლის ასაკობრივი ჯგუფი – 19%-ით, მესამე ადგილზე – 30-39 ასაკობრივი კატეგორიაა – 17%-ით.

70 წლიდან ზემოთ, ჯამში, საერთო რაოდენობის მხოლოდ 10%-ია ინფიცირებული. ბავშვებში ინფიცირება კიდევ უფრო ნაკლებადაა გავრცელებული, 15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 7% ხვდება.

როცა, მაგალითად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიხედვით, ევროპაში ყველაზე მეტი ინფიცირებული 50-59 წლის ასაკობრივ კატეგორიაშია, ხოლო მოხუცებს შორის ვირუსი იმაზე ფართოდაა გავრცელებული, ვიდრე 15-29 და 30-39 წლის ასაკობრივ კატეგორიებში.

სიმპტომებს რაც შეეხება, NCDC-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის ყველაზე მკვეთრად გამოხატული სიმპტომი – ცხელება/შემცივნებაა, ეს 269 ინფიცირებულთა შორის 68%-ს ჰქონდა.

გამოხატულ სიმპტომებს შორის, მეორე ადგილზე ზოგადი სისუსტეა, თუმცა ის ბევრად ჩამორჩება ცხელება/შემცივნებას. ზოგადი სისუსტე პაციენტების 31%-ს ჰქონდა. გავრცელების კუთხით მასთან ახლოს დგას ხველაც, რომელიც 29%-ს აღენიშნებოდა.

ყელის ტკივილი ჰქონდა 20%-ს, თავის ტკივილი – 16%-ს, დიარეა – 12%-ს, ყნოსვის/გემოს ცვლილება – 11%-ს. დანარჩენი სიმპტომები კი დათვლილ პაციენტებს შორის, 10%-ზე ნაკლებად იყო გავრცელებული.

NCDC-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსზე 7611 მოქალაქეა ტესტირებული. ტესტირებათა რაოდენობა ინფიცირებულთა რაოდენობასთან ერთად მატულობს. თუმცა, შედარებით ნაკლები ტესტია ჩატარებული ბოლო ორი დღის განმავლობაში.