ინფლაცია მსოფლიოში ისტორიულ მაქსიმუმზეა, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი - მინისტრი

პუბლიკა

მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ინფლაციისა და გაძვირებული პროდუქტების შესახებ. მინისტრმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ინფლაციის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ აქ გადმოცემის ეფექტი არსებობს.

„ინფლაციასთან მიმართებით უნდა შევხედოთ, რა ტენდენციები გვაქვს საქართველოში. ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ საქართველო ვერ იქნება ამ ნაწილში გამონაკლისი და კუნძული, რომ მხოლოდ საქართველოს არ შეეხოს ინფლაციური წნეხი და მთელ მსოფლიოში ინფლაცია იყოს ნომერ პირველი პრობლემა ყველა ქვეყნისთვის“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ინფლაციაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის საწვავი და ზოგადად, ნავთობპროდუქტები. იქედან გამომდინარე, რომ ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასები გაზრდილია, ეს არაპირდაპირ სხვა პროდუქტებზეც აისახება.

„მეორე ჯგუფი, რომელშიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ინფლაცია, ეს არის სურსათის პროდუქტი, რომელთან მიმართებითაც ყველა ქვეყანაში ისტორიული მაქსიმუმი ფიქსირდება. ბუნებრივია, გარკვეულწილად ამას ადგილობრივი პროდუქცია აბალანსებს, თუმცა, ინფლაციის გადმოდინება ბუნებრივია მოხდება იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს. ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები არ შეიქმნას და ამ მიმართულებით ნამდვილად აქვს ნაბიჯები გადადგმული. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დაიწყებს შემცირებას და როგორც უკვე პროგნოზირებული იყო, მომდევნო წლის მეორე ნახევარში ის დაუახლოვდება მის მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც არის განსაზღვრული ეროვნული ბანკის მხრიდან.

თუმცა მეორე მხრივ, ის გამოწვევები, რაც რეგიონში, მსოფლიოში არსებობს, არანაირ გარანტიას არ გვაძლევს, რომ ინფლაციის ეს მაჩვენებელი უკვე მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებლამდე იქნება. ეს დაშვება არის იმ პირობით, თუ დღეს არსებული რეალობა შენარჩუნდება, თუ რაიმე შეიცვლება გეოპოლიტიკური მიმართლებით, საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით, ბუნებრივია, ეს გარკვეულ ასახვას ჰპოვეს ინფლაციის მაჩენებელზე“, – განაცხადა ხუციშვილმა.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,2% შეადგინა, წლიური ინფლაციის დონემ კი – 12,8%.