„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დღეს აპირებს ცუდად გახდომის სიმულირებას მხარდამჭერების ემოციების აღსაძრავად.
„რაც შეეხება სააკაშვილს და მის იმიტირებულ შიმშილობას, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ის მაინცდამაინც დღეს აპირებს, რომ გახდეს ცუდად, აპირებს სიმულირებას იმისთვის, რომ თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას. თუმცა, ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის, როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, ამას ვერ ექნება ვერანაირი წარმატება“, – განაცხადა მან.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მალე უწყებები წარმოადგენენ მტკიცებულებას, რომ სააკაშვილის შიმშილობა იმიტირებულია.
„სამარცხვინო კაცი“ – ასე მოიხსენია მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი.
„მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს ეს კაცი, ყიდულობს. დღეში 3 ლ. ლიმონათი არის იმ სირცხვილის გაგრძელება, რასაც წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი“, – აცხადებს კობახიძე.
მიხეილ სააკაშვილი თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და 1 ოქტომბრიდან მოყოლებული რუსთავის ციხეში შიმშილობს.
გუშინ მან ექიმების კონსილიუმთან შეხვედრასა და მათ მიერ რეკომენდებულ მედიკამენტურ მკურნალობაზე უარი განაცხადა.
გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც განაცხადეს, რომ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში იგეგმება ამ პროცესის ხელშეშლა. ამის დასადასტურებლად სუს-მა ფარული ჩანაწერებიც გაასაჯაროვა, რომელზეც თქვა, რომ სასამართლო განჩინებითაა მოპოვებული.