„ინფორმაციას არ ვფლობთ" | ამილახვარი შეკვეთილში „რუსული კლუბის" სემინარზე

პუბლიკა

განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ შეკვეთილში, ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის „რუსული კლუბის” მიერ ჩატარებულ სემინარებზე სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს. ამის შესახებ ინფორმაციას დეპუტატი თეონა აქუბარდია სოციალურ ქსელში ავრცელებს და მინისტრის ოფიციალურ წერილს აქვეყნებს.

„გაცნობებთ, რომ სამინისტრო აღნიშნული აქტივობის განხორციელების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, ამასთან არც ერთ ორგანიზაციას/ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, არც აქტივობის ორგანიზებაში დახმარების და არც სკოლების ინფორმირების მიზნით, სამინისტროსთვის არ მოუმართავს. ამდენად, თქვენს კითხვებთან დაკავშირებით უფლებამოსილი ხართ მიმართოთ შესაბამის უწყებებს”, – ნათქვამია წერილში.


13 ივლისს, „ბათუმელებმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეკვეთილში „რუსული კლუბი” ქართველი მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის სემინარს ატარებდა.

სწავლებას, სავარაუდოდ, სანქცირებული Россотрудничество [უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურ სააგენტო] აფინანსებს – მათ ამ სემინარის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე აქვთ განთავსებული.

Россотрудничество-ის თავმჯდომარე ევგენი პრიმაკოვია. ორგანიზაციის ინფორმაციით, მსგავს სწავლებებს ორგანიზაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც მართავს. ვებგვერდზე კი აფხაზეთი და სამაჩაბლო, დამოუკიდებელ ქვეყნებად აქვს მითითებული. ორგანიზაციის ვებსაიტის მიხედვით, სემინარი რუსული ენის პოპულარიზაციას ემსახურება.

სასტუმროს ადმინისტრაციის ცნობით, ტრენინგში, საჯარო სკოლების, დაახლოებით, 30 მასწავლებელი მონაწილეობდა.

როგორც „ბათუმელები“ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ამ სემინარებს წინა წლებში საქართველოში სწორედ Россотрудничество აფინანსებდა, რასაც „რუსული კლუბის“ ხელმძღვანელი, ნიკოლაი სვენტიცკი გამოცემასთან სიცრუეს უწოდებს.

Россотрудничество 2008 წელს პუტინის ბრძანებულებით შეიქმნა და მათი მიზანია რუსული გავლენების გაზრდა და პოპულარიზაცია მსოფლიოში, განსაკუთრებით კი დსთ-ს ქვეყნებში. „ბათუმელების“ ცნობით, 2021 წლიდან მათ მიიღეს არაფორმალური სახელი „რუსული სახლი“.

ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე „რუსულმა კლუბმა” განცხადება გაავრცელა.