ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად ვიწყებთ ფიქრს სისტემაზე, როგორ დავფაროთ სკოლებში კვება - მინისტრი

პუბლიკა

სასკოლო ინფრასტრუქტურაში რა წამს იქნება შესაბამისი კვების ინფრასტრუქტურა განვითარებული (და უკვე გარკვეულ სკოლებში არის), ჩვენ პარალელურად ვიწყებთ მსჯელობას და ფიქრს იმ სისტემაზე, როგორ დავფაროთ ყველა სკოლაში საბავშვო კვება, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მინისტრის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„რა თქმა უნდა, გამოწვევები არის და მე და ჩვენ ამას არ გავურბივართ. ამაზე ღიადაც ვლაპარაკობთ. მათ შორის, არის, რა თქმა უნდა, სასკოლო კვებასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც სამი ათწლეულია ჩვენს სისტემას მოსდევს. რას ვაკეთებთ ჩვენ? ის უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს და უკვე 400 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაპროექტებულია 2-3 წლის განმავლობაში და ამას კიდევ გადაბმულად მოსდევს 400 სკოლა, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი კომპონენტია სასადილო ინფრასტრუქტურა, ანუ სკოლებში იმ ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც შემდგომ აუცილებელია სერვისისთვის, რათა ჩვენი შვილები უზრუნველვყოთ ხარისხიანი, უსაფრთხო კვების მიწოდებით“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, პარალელურად, სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებასა და კვლევაზე, მიდგომებსა და მეთოდოლოგიაზე სასკოლო კვების დანერგვასთან დაკავშირებით.