ინფრასტრუქტურის მინისტრმა განმარტა, რატომ ეძებდნენ მოქალაქეს, რომელიც შოვში არ ყოფილა

პუბლიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განმარტა, რატომ მიიჩნეოდა დაკარგულად და რატომ ეძებდნენ მოქალაქეს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, შოვში საერთოდ არ იმყოფებოდა.

ქარსელაძის თქმით, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს, ზურაბ ბიბილეიშვილის დაკარგვის შესახებ შეტყობინება ონის მერიის ცხელ ხაზზე შევიდა, ამასთან შეტყობინების ავტორმა არასწორად მიუთითა სახელი და გვარი. ახლა კი, როცა მოხერხდა სახელისა და გვარის დაზუსტება, დაუკავშირდნენ მოქალაქეს, რომელმაც თქვა, რომ შოვში არ ყოფილა.

„ონის მერიის ცხელ ხაზზე დაფიქისრდა შეტყობინება, რომ კონკრეტულ პიროვნებასთან ვერ ხდებოდა კავშირი და ეს შოვთან იყო დაკავშირებული. ბუნებრივია, ეს მონაცემები ჩაინიშნეს და აღნიშნული პიროვნება ავტომატურად შევიდა დაკარგულთა სიაში. პირველ ღამეს მნიშვნელოვნად მეტი შეტყობინება იყო და 34 ადამიანზე ვსაუბრობდით. ვალდებულებაა, რა შეტყობინებაც მოგდის, ვიდრე  დადასტურება არ გაქვს ამ პიროვნებასთან დაკავშირებით, ის იქნება იმ ადამიანთა სიაში, ვისი მოძიებაც ხდება.

როდესაც უკვე უნდა დაკავშირებოდნენ ინიციატორს, ეს კავშირი ვერ შედგა და სხვა დაკარგულ ადამიანებთან ერთად ამ სიაში ეს პიროვნებაც იყო. პარალელურად, ვინაიდან დადასტურება ვერ მივიღეთ ამისა, არც არანაირი სხვა კომუნიკაცია არც ოჯახის წევრებისგან არც არავისგან არ ყოფილა, ბუნებრივია, ეს პიროვნება რჩებოდა ამ სიაში, მაგრამ დაიწყო ოპრეატიულ-სამძებრო ღონისძიებები, იმისათვის, რომ დადასტურებული ყოფილიყო, რომ ეს პიროვნება ნამდვილად დაკარგულია, თუ არ არის. ასე იყო იმ პიროვნებებთან დაკავშირებითაც, როდესაც თავდაპირველად სია მზარდი იყო.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოხდა შეტყობინების ინიციატორის დადგენა, ვისთანაც მოხერხდა უკუკავშირი და მას სთხოვეს დადასტურება. როდესაც მოხდა უკუკავშირი, დადგინდა, რომ არასწორად იყო მითითებული სახელი და გვარი ამ პიროვნების და როდესაც ინიციატორმა თქვა, რომ ეს სახელი და გვარი კი არა, სხვა სახელი და გვარია, უკვე მოხერხდა ამ პიროვნების ბაზებში დადგენა და მოხდა უშუალოდ ამ პიროვნებასთან დაკავშირება, რომელმაც განაცხადა, რომ არ ყოფილა საერთოდ შოვის ტერიტიორიაზე. შესაბამისად, ეს პიროვნება დაკარგულთა სიაში აღარ არის“, – განაცხადა ქარსელაძემ.

დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ დაკარგულთა სიაში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე ცოცხალი აღმოჩნდა და მას თბილისში მიაკვლიეს.