ინჯია: საგარეო პოლიტიკას მთავრობა განსაზღვრავს და პრეზიდენტს ამასთან შეხება არ აქვს

პუბლიკა

პარლამენტის წევრი, ფრიდონ ინჯია, პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სესიაზე პრეზიდენტის გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა პრეზიდენტის პრეროგატივა არაა და ამ კუთხით პრეზიდენტის საქმიანობა შეთანხმებული უნდა იყოს იმ ინსტიტუტებთან, რომლებიც გეგმავენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას.

„ქალბატონ პრეზიდენტს უნდა შევახსენო, რომ ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, მას განსაზღვრავს პარლამენტი და მთავრობა და მას, როგორც პრეზიდენტს, კონსტიტუციიდან გამომდინარე, ამასთან შეხება არ აქვს და თუ ის ამ საკითხებით მიდის, მაშინ უნდა შეუთანხმდეს მთავრობასა და პარლამენტს, ის, ვინც განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას.

მიდის პრეზიდენტი, ისმება საკითხები, სხვა ქვეყნის ხელისუფლება რაღაც კითხვებს სვამს, სთხოვს რაღაც გადაწყვეტილების მიღებას და ამ დროს მას ეს არ შეუძლია, რაც მე მგონი ზიანს აყენებს ქვეყანას. თუ ეს ინსტიტუტებთან იქნება შეთანხმებული, რომელსაც ეხება საგარეო პოლიტიკა, მაშინ უფრო ქმედითუნარიანი იქნება მისი ევროპაში და ამერიკაში მოგზაურობები“, – აღნიშნა ინჯიამ.

დღეს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით ეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. „არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა”, – თქვა ზურაბიშვილმა.