ინჯია თალაკვაძეს ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონების მიღებაზე კვოტის შემოღებას სთავაზობს

პუბლიკა

მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენანურ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ახალი მოწვევის პარლამენტის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტი იქნება აქტიური აღმასრულებელი ხელისუფლების კონტოროლის ნაწილში და ოპოზიციაც აქტიურად იქნება ჩართული საპარლამენტო ცხოვრებაში.

თალაკვაძის გამოსვლის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ოპოზიციური პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ წევრი ფრიდონ ინჯია და არჩილ თალაკვაძეს წინადადებით მიმართა.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ პარლამენტი ოპოზიციის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე მიიღებს კვოტას და 100 მიღებული კანონიდან, 5 მაინც, იქნება ოპოზიციის მიერ ინიცირებული.

„თქვენი გამოსვლიდან გამომდინარე მაქვს კითხვა. თქვენ ბრძანეთ, რომ გვექნება გეგმები და ოპოზიცია მიიღებს აქტიურ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, მე გინდაც არ ვიყო ოპოზიცია, მაინც მივიღებ აქტიურ მონაწილეობას. რასაც მე ვთვლი სწორად, იმას აქტიურად ყოველთვის დავიცავ. ახლა რა მინდოდა მეთქვა – მე გადავხედე წინა მოწვევის პარლამენტში მიღებულ კანონებს და აღმოვაჩინე, რომ პარლამენტს ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი არცერთი კანონი არ მიუღია. იყო მისაღები, არ იყო მისაღები – ეს არ ვიცი. მაშინ ხომ არ დავაწესოთ ასეთი კვოტა –  თუ უმრავლესობა მიიღებს 100 კანონს, 5 კანონი მაინც, იყოს ოპოზიციის მხარეზე. ამის კურატორი იყოს პარლამენტის თავმჯდომარე. თქვენ, ბატონო არჩილ!“ – მიმართა ინჯიამ თალაკვაძეს.

არჩილ თალაკაძის თქმით, სათუაოა რამდენად თავსებადია ინჯიას ეს ინიციატივა საპარლამენტო საქმიანობის პრინციპებთან.

„ალბათ ეს ის შეკითხვაა, რომელშიც პოზიტივი უნდა დავინახოთ. ვიდრე რამდენად თავსებადია ის საპარლამენტო საქმიანობის პრინციპებთან. ამას ჰქონდა თავისი კონკრეტული მიზეზები, ბატონო ფრიდონ. ეს საყვედური იყოს საპარლამენტო დემოკრატიასთან, თუმცა თანაბრად ეს საყვედური ეკუთვნის ისეთ ოპოზიციას, რომელიც წელიწად-ნახევარია, თავს უფლებას აძლევს,  არ იყოს წარმოდგენილი საპარლამენტო საქმიანობაში. სწორედ ასეთი ოპოზიცია ჰყავდა მე-9 მოწვევის პარლამენტს მეტწილად. ყველა ჯანსაღი ინიციატივა განხილული იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.