საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ მინისტრს ჰკითხა – ხომ არ ფიქრობს, რომ, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო მოქალაქეების მიმართ 2000-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად სხვა სამართლებრივი ღონისძიება უნდა გატარდეს.
„ის დესტრუქციული ძალები, რომლებიც არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს, შეურაცხყოფას აყენებენ პოლიტიკოსებს და საზოგადო მოღვაწეებს, არაფრად აგდებენ პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებსა და რეგულაციებს. დღეს ფაქტობრივად დაუმორჩილებლობა იქცა ნორმად და გმირობად. დამნაშავე შეიძლება ითქვას, რომ თავის დანაშაულს 2 000 ლარად ყიდულობს – ფიქრობთ თუ არა, რომ ჯარიმის გადახდის სამაგიეროდ მათზე უნდა განხორციელდეს სხვა ტიპის სამართლებრივი ქმედებები?“,”- მომართა ფრიდონ ინჯიამ ვახტანგ გომელაურს.
მან ასევე გომელაურს ჰკითხა, ერთ-ერთი მოქალაქის შესახებ, რომელიც, მისი თქმით, ვიდეოში პოლიციელებს აგინებს, მოკვლევა ხომ არ არის დაწყებული.
„ისე იგინებოდა, ისე ლანძღავდა ჩვენს პოლიციელბს, რომ არ ვიცი, რა ფული გადაუხადეს ამ ადამიანს. არის თუ არა მოკვლევა ამის თაობაზე. აი ისეთი სიტყვებით, რომ მე არ ვიცი რა ოჯახშია, რა შვილები უნდა გაზარდოს ამ ქალბატონმა, ანდა ვისთან ცხოვრობს, მასთან მოდიან თუ არა მეგობრები სტუმრად, მაგრამ ვინც მასთან ცხოვრობს, მათ ალბათ თავის დროზე, ჯოჯოხეთი გავლილი აქვთ და სამოთხეში მოხვდებიან“, – ამბობს „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი და „ევროპელი სოციალისტები“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.