ინჯიას თქმით, ის „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს და ახალ პარტიას „ევროპელ სოციალისტებს“ აყალიბებს

პუბლიკა

პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული დეპუტატების ბრიფინგი გაიმართა. ფრიდონ ინჯიას განცხადებით, სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ის „პატრიოტთა ალიანსს“  ტოვებს და ახალ პარტიას „ევროპელ სოციალისტებს“ აყალიბებს, რომლის ყრილობასაც მომდევნო შაბათს გეგმავს.

„მომავალ შაბათს ჩვენ ჩავატარებთ პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტების“ ყრილობას და წარვადგენთ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, რომლის მიზანი იქნება ჩვენი ეროვნული ტრადიციებისა, ჩვენი თვითმყოფადობის და ევროპული ღირებულებების დაცვა, ქართული ეკონომიკის გაძლიერება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესება“, – თქვა მან.


„პატრიოტთა ალიანსმა“ მე-10 მოწვევის პარლამენტში 4 მანდატი მოიპოვა. ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით მიმართეს, თუმცა, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულებით გაირკვა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეხუთე, მეშვიდე და მერვე ნომრებს ჩახსნის თაობაზე ცესკოსთვის არ მიუმართავთ, ესენი არიან გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი.