თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, სისტემატურად მიმდინარე ინსპექტირების შედეგად, კერძოდ, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზე კიდევ 7 უკანონო მშენებარე შენობა-ნაგებობა დააფიქსირა.
მერიის ცნობით, ინსპექციის თანამშრომლებმა, ვინაიდან კანონდამრღვევები ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ, ობიექტებზე გამაფრთხილებელი მოთხოვნები გამოაკრეს.
როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, კანონის თანახმად, სამართალდამრღვევი ვალდებულია, უმოკლეს ვადაში დაუკავშირდეს საბუთზე მითითებულ საკონტაქტო ნომერს და თავად უზრუნველყოს უკანონო ნაგებობის დემონტაჟი.
„მედიის საშუალებით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, ოთხი დღის ვადაში განახორციელონ სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობების დემონტაჟი. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, კანონის შესაბამისად დაიწყებს ამ შენობა-ნაგებობების დემონტაჟს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: თბილისის მუნიციპალიტეტი არ და ვერ დაუშვებს სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტებს. მუნიციპალური ინსპექცია მაშტაბურ რეიდებს ატარებს და თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე იქნება კანონის შესაბამისი რეაგირება“, – ნათქვამაი განცხადებაში.
თბილისის მერია, ეხმაურება, მათი თქმით, „მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას“, რაც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას, თითქოს მერია სახლებიდან ყრის გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ ადამიანებს და უნგრევს მათ საცხოვრებელს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია, მოახდინოს მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობის დემონტაჟი, სადაც მობინადრეები არ ცხოვრობენ. რაც შეეხება უკვე შესახლებულ შენობებს, მათზე სხვა საკანონმდებლო წესი მოქმედებს, რაც მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება“, – წერია განცხადებაში.