სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობას იძიებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გაესაუბრნენ არასრულწოვანს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყეს.
კერძოდ, სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და ასევე, 335-ე მუხლით, რაც განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულებას გულისხმობს.
დაღული გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა დღეს მედიასთან განაცხადა, რომ მცხეთის რაიონულ განყოფილებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვისას, მასზე განხორციელდა პოლიციელების მხრიდან ზეწოლა. გელხაური ამბობს, რომ ფაქტს არასრულწლოვანის მშობელიც შეესწრო.
„ჩვენების მიცემის დროს მასზე განხორციელდა ზეწოლა, პოლიციელების მხრიდან და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. მოხვდა თავში და მას მოხვდა ზურგში, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელდა მასზე ზეწოლა. მშობელიც ადასტურებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.
ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის.
შსს-ს განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.