პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ აქვს კონკრეტული წინადადება, გუნდში გაიარეს კონსულტაციები და შეიმუშავეს სამართლებრივი ნორმატიული პროექტი ინსპექტორის სამსახურში დასაქმებულ თანამშრომლებთან დაკავშირებით.
კერძოდ, კობახიძე ამბობს, რომ დღეს მთლიანობაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში არის 9 დეპარტამენტი, სადაც დასაქმებულია, დაახლოებით, 120 თანამშრომელი.
კობახიძის თქმით, საგამოძიებო დეპარტამენტთან დაკავშირებით, რომელსაც აბარია გამოძიების ნაწილი, სთავაზობს, რომ ავტომატურად, კანონის ძალით, საგამოძიებო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდეს პოზიციები და ისინი წარმოდგენილნი იქნებიან ახალ სამსახურში, რომელიც გამოძიების ფუნქციით იქნება დატვირთული.
„რაც შეეხება საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტს და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, ასევე მრჩეველს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში, ეს არის ის დეპარტამენტები და ის პოზიცია, რომელიც განეკუთვნება პერსონალურ მონაცემთა დაცვას და გთავაზობთ, რომ შესაბამისი თანამშრომლები, ამ დეპარტამენტების თანამშრომელები, ამ დეპარტამენტების ხელმძღვანელების ჩათვლით და მრჩევლის ჩათვლით, იყვნენ წარმოდგენილნი ავტომატურად, უკონკურსოდ ახალ სამსახურში პერსონალური მონაცემების ნაწილში.
შედარებით რთულია საკითხი, რომელიც უკავშირდება ადმინისტრაციული ფუნქციების მატარებელ დეპარტამენტებს. ეს არის ინფორმაციული ტექნოლოგიები და მონიტორინგი, ეს არის ადმინისტრაციული დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, ეკონომიკური დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და გენინსპექცია, 7 დეპარტამენტი არის ზოგადი ადმინისტრაციული ფუნქციებით დატვირთული, ამ შემთხვევაში გთავაზობთ, რომ საკუთარი არჩევანის შესაბამისად მივცეთ საშუალება თითოეულ თანამშრომელს, გადანაწილდნენ ამ ორ სამსახურში, ანუ მათი ნების შესაბამისად“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე ამბობს, რომ მათ მიერ შეთავაზებული პროექტით, უზრუნველყოფილი იქნება 120 თანამშრომლის გარანტირებული გადაყვანა ორ ახალ სამსახურში, რომელიც შეიქმნება ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე.