ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ეუთო/ოდირის დასკვნას „ოცნება“ აკრიტიკებს

პუბლიკა

დღეს, 21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირმა დასკვნა მოამზადა.

სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ანონსი, რომ 12:00-ზე აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგს გამართავს.

სახალხო დამცველის ბრიფინგის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტში 11:20-ისთვის ჩაინიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის ბრიფინგი. ბრიფინგის თემა სწორედ ეუთო/ოდირის დასკვნა და სახალხო დამცველის კრიტიკა იყო.

ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ეუთო/ოდირმა დასკვნა ომბუდსმენის შეკითხვების საფუძველზე მოამზადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველს ეუთო/ოდირთან მიმართვამდე საქართველოს პარლამენტთან არ ჰქონია კონსულტაცია და არ დაინტერესებულა საპარლამენტო უმრავლესობის არგუმენტებით.

„არ დაინტერესებულა ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების ჩვენს ხელთ არსებული კანონმდებლობის ანალიზით. ჩვენთვის უცნობია იმ შეკითხვების შინაარსი, რაც სახალხო დამცველის ოფისმა წარადგინა ეუთო/ოდირისთვის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დასკვნაში ნამსჯელი არ არის იმაზე, თუ რამდენად თავსებადია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასა და საგამოძიებო სამსახურის ფუნქცია ერთი სამსახურის ხელში.

„გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთ შინაარსობრივ საკითხზე ინფორმაცია ეუთო/ოდირს საერთოდ არ მისწოდებია, რაც მას საკითხზე სრულ და ობიექტურ წარმოდგენას შეუქმნიდა. გამოდის, ეუთო ოდირის წინაშე არ დასმულა მთავარი საკითხი, არის თუ არა ერთმანეთთან თავსებადი გამოძიება და პერსონალური მონაცემების დაცვა და არის თუ არა მსგავსი მოდელი ევროკავშირის ქვეყნებში.

ის, რომ შინაარსობრივად არასწორი და არასრული ინფორმაცია იქნა მიწოდებული ეუთო/ოდირისთვის, ასევე დასტურდება დასკვნაში არსებული სამართლებრივი უზუსტობებით.

მაგალითად, დასკვნაში ვკითხულობთ, მაგრამ ახალი სამსახურების თანამდებობის პირთა პარლამენტის მიერ ასარჩევი კვორუმი თითქოს შემცირდა, რაც სიმართლე არაა და მარტივად გადაამოწმებელია რეგლამენტში. დასკვნაში ასევე წერია, რომ თითქოს გაუქმთა ამ თანამდებობის პირთა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი, რაც ასევე არაა სიმართლე; დასკვნაში ვითხულობთ – იმისთვის რომ უზრუნველყოფილ იქნეს პეციალური საგამოძიებო სამსახურის მიუკერძოებლობა და აღქმა, ის პირები, ვისაც, მაგალითად, პოლიციის ან თავდაცვის უწყებებში მუშაობის მოჭარბებული სტაჟი აქვთ,  სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ უნდა იქნეს არჩეული. აქედან ცხადი ხდება, რომ ეუთო/ოდირი პრაქტიკულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელობის ლეგიტიმაციას მათი ამ გამოცდილებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, აუცილებელია, გასაჯაროვდეს, რა შეკითხვებით მიმართა ომბუდსმენმა ეუთო/ოდირს. მისი თქმით, საინტერესოა, ეუთოს თუ მიეწოდა ინფორმაცია იმაზე, რომ სახელმწიფო ინსპექტორის მოქმედ ხელმძღვანელს შეეძლო გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება.


1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად იქმნება ორი ახალი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. ამ ორ სამსახურს შორის განაწილდა ფუნქციები, რომლებსაც სახელმწიფო ინსპექტორი 2016 წლიდან აერთიანებდა.

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ცნობილია, რომ საქმე წარმოებაში მიიღეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებს სასამართლო საკითხის განხილვას.