ინსპექტორმა გიორგი მუმლაძის დაკავებაზე პოლიციელების მიმართ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აქტივისტ გიორგი მუმლაძის დაკავების დროს სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება 2021 წლის 14 აპრილს, პარტია ,,ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან შეკრების მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან შეკრების მონაწილე გ. მ.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, -აცხადებს ინსპექტორი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტივისტი გიორგი მუმლაძე პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გ.მ.-მ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, – აცხადებს უწყება.

გიორგი მუმლაძის დაკავების კადრებს „ფორმულა“ ავრცელებს.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციას მართავდა. აქციაზე აქტივისტებმა „ოცნების“ წევრებთან შეხვედრა მოითხოვეს და შენობაში შესვლის მცდელობისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც შენობის წინ სცადეს წარწერების გაკეთება. ამ დროს სამართლადამცველებმა, აქტივისტების ინფორმაციით, 5 პირი დააკავეს.