ინსპექტორმა მასთან ურთიერთობაში მყოფ ქალს პირადი ცხოვრების საიდუმლო გაუვრცელა - საგამოძიებო

პუბლიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, არასათანადო მოპყრობისა და ძალადობის საქმეებზე 4 სამართალდამცავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ერთ-ერთმა სამართალდამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა მასთან ურთიერთობაში მყოფ ქალს პირადი ცხოვრების საიდუმლო გაუვრცელა.

„კერძოდ, 2022 წლის მარტში, მეგობარ ქალთან ურთიერთობის გაწყვეტით გაბრაზებულმა გ.ლ-მ, შურისძიების მიზნით მასთან ურთიერთობაში მყოფი ქალის მეუღლეს, სოც. ქსელის „მესენჯერის“ საშუალებით ქალის ნახევრად შიშველი, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათი გაუგზავნა და მიწერა, რომ ცოლი ღალატობდა. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულს მორალური სახის ზიანი მიადგა,“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, დაზარალებული ქალის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვიდან მალევე, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით.