ინსპექტორმა სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

სახელმწიფო ისპექტორის სამსახურმა, სახალხო დამცველის აპარატიდან შესული შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

ინსპექტორის განცხადების მიხედვით, სააკაშვილთან დაიგეგმება საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. 

ასევე ინსპექტორმა უკვე მიმართა პენიტენციურ სამსახურს  №12  დაწესებულებიდან №18 დაწესებულებაში ტრანსპორტირების ამსახველი ვიდეოჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვის მიზნით.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია მ. სააკაშვილის ადვოკატთან მ. სააკაშვილის გამოკითხვის მიზნით. ამ უკანასკნელის გამოკითხვის შემდგომ, მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მ. სააკაშვილთან დაიგეგმება საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 2021 წლის 08 ნოემბერს, მ. სააკაშვილის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების, მათ შორის, №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში ტრანსპორტირების ამსახველი ვიდეოჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვის მიზნით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას. ამასთან, სამსახური სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ითანამშრომლებს მ. სააკაშვილთან და მის ადვოკატებთან, გამოძიების პროცესში მათი ჩართულობისა და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მათი სრულყოფილი ინფორმირების მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.