სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან შეკრების მონაწილეების მიმართ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„2021 წლის 12 აპრილს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოსული განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან შეკრების მონაწილეების მიმართ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
განცხადების მიღების შემდგომ, დაუყოვნებლივ განხორციელდა განმცხადებელთან კომუნიკაცია გამოკითხვის მიზნით, თუმცა მისი სურვილით საგამოძიებო მოქმედება გადაიდო შემდეგი დღისთვის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ საქმეზე ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – აცხადებენ უწყებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან აქციაზე 6 პირია დაკავებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით.
აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან აქტივისტები აქციას მართავდნენ მოთხოვნით, გაუქმდეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინი.
აქციის მონაწილეებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან შეხვედრა მოითხოვეს. შენობაში შესვლის მცდელობას სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.