Inter RAO $200 მილიონს მოითხოვდა და გაცილებით ნაკლები დაგვეკისრა - კალაძე არბიტრაჟზე

პუბლიკა

თბილისის მერი და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახა კალაძე საერთაშორისო არბიტრაჟში რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-თან დავის წაგებას გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, ტარიფის შემცირებით მოსახლეობამ ისარგებლა, Inter RAO კი მაშინ $200 მილიონს მოითხოვდა, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ დაეთანხმა.

კალაძის თქმით, ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს $75 მილიონის გადახდა დაეკისრა, რაც კომპანიის მიერ მოთხოვნილ თანხაზე ბევრად ნაკლებია.

„პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო ტარიფის შემცირება, რომლითაც ისარგებლა ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით, დედაქალაქის მოსახლეობამ. როდესაც ქვეყანაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ კომპანია „ენერგო პროს“, რომელიც ასევე ჩართული იყო ტარიფების შემცირების პროცესში.

რაც შეეხება წარმოშობილ დავას, Inter RAO მოითხოვდა დაახლოებით 200 მილიონ დოლარს, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იყო გაცილებით ნაკლები თანხა, ვიდრე ისინი მოითხოვდნენ.

წარმოგიდგენიათ, ხელი რომ მომეწერა, იმაზე, რომ Inter RAO-ს მიეღო 200 მილიონი დოლარი, რა მოხდებოდა და რას დამატეხდნენ თავს?! შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ვფიქრობდით, რომ არ ეკუთვნოდა ამ კომპანიას 200 მილიონი და პირდაპირ ვუთხარით, რომ ვიდავებდით.

შესაბამისად, მოხდა არბიტრაჟში განხილვა და 200 მილიონის ნაცვლად დაგვეკისრა გაცილებით ნაკლები. თავის დროზე მე არ მივეცი ჩემს თავს უფლება და ვერც ერთი ჩემი თანამშრომელი ვერ გაბედავდა იმას, რომ დავთანხმებოდით Inter RAO-ს მოთხოვნას“, – განაცხადა კახა კალაძემ.


საქართველომ რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-თან საერთაშორისო არბიტრაჟში დავა წააგო. ქვეყანას კომპანიისთვის $75.9 მილიონის გადახდა დაევალა ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით არსებულ დავაში.

Inter RAO აცხადებდა, რომ საქართველომ საინვესტიციო შეთანხმება და მემორანდუმის პირობები დაარღვია, რის გამოც ის ფინანასურად დაზარალდა. მათი მტკიცებით, საქართველოს აღებული ჰქონდა ვალდებულება, რომ არ შემცირებულიყო ტარიფები ელექტროენერგიაზე.

ამასთანავე, კომპანიამ დაადანაშაულა მთავრობა იმაში, რომ მან ვერ დააზღვია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ინფლაცია და ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რამდენიმე წინა შეთანხმების უგულებელყოფით.

ამასთან, საქართველომ წააგო კიდევ ერთი საარბიტრაჟო დავა, რომელიც პარალელურად მიმდინარეობდა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალში. ამ შემთხვევაში ქვეყანას Inter Rao-ს შვილობილი კომპანიებისთვის $112 მილიონის გადახდა დაეკისრა.