შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და ბათუმში, კიბერდანაშაულის ბრალდებით, 4 პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 13 სხვადასხვა მოქალაქის პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწიეს მათ კუთვნილ ინტერნეტბანკისა და ონლაინაზარტული თამაშების ელექტრონულ ანგარიშებზე, რის შემდეგაც, ამ სისტემის მეშვეობით, სხვადასხვა ხერხით დაეუფლნენ, ჯამში, 42 000 ლარს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2 მოქალაქეს მოტყუებით გამოართვეს პერსონალური მონაცემები და საბანკო პლასტიკური ბარათების ნომრები, რომელთა გამოყენებითაც მათ სახელზე ერთ-ერთი ბანკიდან სესხები აიღეს, შემდეგ აღნიშნული თანხები სხვა ანგარიშებზე გადარიცხეს და ფულს უკანონოდ დაეუფლნენ. დაკავებულების მიერ თაღლითური გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული თანხა, ჯამში, 20 000 ლარს შეადგენს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გარდა ამისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, კიდევ ორი პირი დააკავეს.
„გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა – რ.კ-მ, 2019 წლის 4 დეკემბრიდან 2020 წლის 21 იანვრის ჩათვლით, ბათუმში მდებარე ინტერნეტკაფეებში არსებული კომპიუტერული ტექნიკით ისარგებლა, სხვადასხვა დროს მოპოვებული, 11 მოქალაქის კუთვნილი, ონლაინტოტალიზატორების მომხმარებლის სახელებისა და პაროლების გამოყენებით, ონლაინტოტალიზატორების ანგარიშებზე დაფიქსირებული პლასტიკური ბარათების ანგარიშებიდან ფული აზარტული თამაშების ინტერნეტგვერდების ანგარიშებზე გადმოიტანა, შემდეგ აღნიშნული თანხა გ.ბ.-ს მიერ მიწოდებული პლასტიკური ბარათების ანგარიშებზე ჩარიცხა. ბრალდებულებმა ჩარიცხული თანხა ბანკომატებიდან გაანაღდეს და ნაქურდალი ფული გაინაწილეს. დაკავებულები დანაშაულებრივი გზით, ჯამში, 22 000 ლარს დაეუფლნენ”.