შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 55 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზაციის.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულთა შორის არიან დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით დაკავებული პირები.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული, კერძოდ სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: „კოკაინი“, „ჰეროინი“, „სუბუტექსი“, „ჰაშიში”, „მდმა“, „ალფა-პვპ“, „სუბოქსინი”, ე.წ. სინთეტიკური ნარკოტიკი, „მეტამფეტამინი“, „მეტადონი“, „ტრამადოლი“, „მეფედრონი”, “ამფეტამინი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე -კანაფი.
ასევე ამოღებულია მცირე ზომის ელექტროსასწორები, მარიხუანას კულტივაციისთვის განკუთვნილი შესაბამისი მოწყობილობა, წებოვანი ლენტები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირისგან ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 26 ვაზნა და 2 მჭიდი”, – წერს შსს.