„ინტერნეტმა გვაწამა და მაგის გამო გაგვეწელა დრო“ - ვარდოსანიძემ სუსი გამოკითხვის შემდეგ დატოვა

პუბლიკა

ძალადობრივი, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბექა ვარდოსანიძე, რომელიც დღეს ტერორიზმზე ცრუ შეტყობინების საქმის გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე გადაიყვანეს, სუს-ის შენობა ცოტა ხნის წინ ადვიკატთან ერთად დატოვა.

ვარდოსანიძე გამოკითხვაზე თითქმის 11 საათი იმყოფებოდა.

როგორც უწყების დატოვების შემდგომ მისმა ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა უწყებაში შეამოწმეს ვარდოსანიძის პირადი ელექტრონული ფოსტა და აღმოჩნდა, რომ შეტყობინებები მისი ფოსტიდან არ ყოფილა გაგზავნილი.

ადვოკატი ამბობს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და კიდევ მოუწევთ უწყებაში მისვლა და შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება, თუმცა ამ ეტაპზე მისთვის უცნობია კონკრეტული დრო.

ჟურნლაისტების შეკითხვაზე დადგინდა თუ არა საიდან იყო გაგზავნილი შეტყობინებები, ადვოკატმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით არ დადგენილა.

„მე დასამალი არაფერი არა მაქვს, ჩემს თვალწინ გაიხსნა ჩემი ელექტრონული ფოსტა და მიმოწერები და ა.შ. უბრალოდ ინტერნეტმა გვაწამა რასაც ჰქვია, იმიტომ რომ ცუდი სიხშირე იყო და მაგის გამო გაგვეწელა დრო“,- უთხრა ჟურნლისტებს ვარდოსანიძემ.

მისივე თქმით, მას ჩამოართვეს მთელი  ტექნიკა და ახლა ვერ შეძლებს მაუწყებლობის გაგრძელებას და ინფორმაციის გავრცელებას.

„კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება იდეოლოგიურად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს ვისაც პოლიტიკური აქტიურობიდან გამომდინარე რაღაც პრივილეგიები დაკარგა ამით, გრანტები და ასე შემდეგ, შეიძლება გამწარებულია და ა.შ

მაგრამ ცოტა არ იყო სახუმარო არის, რომ ჩემი სამუშაო ფოსტიდან, რომელიც ასოცირებულია ჩემთან და კომპანიებთან ურთიერობა ხდება ამ ფოსტით, გიჟი უნდა ვიყო, რომ იქედან გააგზავნი ასეთი შეტყობინებები და მთელი ქვეყანა დავაყენო ფეხე. მე არაფერი არ მაქვს დასამალი გავხსენი, ვანახე გამოძიებას მიმოწერები“,- უთხრა ჟურნლაისტებს ვარდოსანიძემ.

სანამ გამოკითხვაზე გადაიყვანდნენ სამართალდამცველებმა ვარდოსანიძის სახლი გაჩხრიკეს.

სუს-ის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის პირადი, საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა.

როგორც სუს-ის მიერ გვარცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, ვარდოსანიძის  ელექტრონული ფოსტიდან, „სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან.“

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე აღნიშნულმა მომხმარებელმა გაგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება. ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარში“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენაზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები.

ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა, რაზეც ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და საექსპერტო კვლევები. საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბექა ვარდოსანიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით გამოიკითხება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.