საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რომ ინფორმაცია რომელიც საჯაროდ გავრცელდა საკმარისი არაა ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად.
„2020 წლის 30 მარტს, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების პირადობის დამადასტურებელი მონაცემების ერთ-ერთ ჰაკერულ ფორუმზე საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ. ინტერნეტით გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია არ შეიცავს მოქალაქეების პირად ფინანსური მონაცემებს, როგორიცაა პიროვნების ანგარიშის ნომერი, ფინანსური ოპერაციების შესახებ ინფორმაცია, დისტანციური ფინანსური მომსახურების განსახორციელებლად საჭირო მონაცემები (მაგალითად ინტერნეტ და მობაილ ბანკის პაროლი და მომხმარებლის სახელი) და სხვა.“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის თქმით, ინტერნეტში განთავსებული მონაცემები არ არის საკმარისი ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად. სხვა პერსონალური (მათ შორის პირადი ფინანსური) მონაცემების გარეშე და დანერგილი პრევენციული კონტროლის მექანიზმების საშულებით, თუ მომხმარებელი დაიცავს უსაფრთხოების მინიმალურ წესებს, არ არსებობს შესაძლებლობა, რომ მოქალაქეების პირადობის დამადასტურებელი მონაცემები ფინანსური თაღლითობის მიზნებისთვის იყოს გამოყენებული.
ეროვნული ბანკის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თაღლითობის პრევენციის მიზნით, კომერციული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები მუდმივმოქმედ რეჟიმში აკვირდებიან კლიენტების ფინანსურ ოპერაციებსა და მონაცემებს.
„საქართველოს ეროვნული ბანკი, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე, განსაკუთრებით, თუ ეს მომხმარებლის მიერ ფინანსური მონაცემების გამოყენებას და ინტერნეტში ოპერაციების განხორციელებას უკავშირდება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 2 406 406.“,- წერია განცხადებაში.