ინტერნეტში, სავარაუდოდ, ნიკა მელიას ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა

პუბლიკა

ინტერნეტში, სავარაუდოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერი, სავარაუდოდ, მის პარად საუბარს ეხება. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა, რომელიც გავრცელებული მასალის მიხედვით, 2021 წლით თარიღდება, დადასტურებული არ არის.

ჯერჯერობით ფარული ჩანაწერის გავრცელებას არ გამოხმაურებია თავად ნიკა მელია. თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე 14 დეკემბერს ამბობდა, რომ მას მოასმენინეს „ფაბრიკაცია“, რომელშიც ნიკა მელია თითქოსდა მიხეილ სააკაშვილზე „არასასიამოვნო ტერმინოლოგიით“ საუბრობს.

ხერხეულიძემ მაშინ განაცხადა, რომ უთხრეს, თუკი მელიას მხარს დაუჭერდნენ, ამ ჩანაწერს გაავრცელებდნენ. უცნობია, გულისხმობდა თუ არა ეკა ხერხეულიძე ჩანაწერს, რომელიც დღეს გავრცელდა.

„დღეს მომასმენინეს ფაბრიკაცია, 4 მონაკვეთია გადადებული ერთმანეთზე. მიხეილ სააკაშვილს ის არ ახსენებს, მაგრამ რაღაც მონაკვეთებია ამოკრეფილი, სადაც ის საუბრობს არასასიამოვნო ტერმინოლოგიით, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილზე“, – თქვა ხერხეულიძემ.

მისი თქმით, ეს იყო მონტაჟი, და ამას არაპროფესიონალი ადამიანიც მიხვდება. „ფაბრიკაცია არის ამ ხელისუფლების იარაღი. და ვინც ამას გააკეთებს ის არის ბიძინა ივანიშვილის სამსახურში“, – თქვა მან.

ასევე, ხერხეულიძის თქმით, ნიკა მელია მზად იყო, ჩანაწერი ექსპერტიზას შეემოწმებინა.

„დავუკავშირდი ნიკა მელიას და ვკითხე, რა იქნება მისი პასუხი. მან მიპასუხა, რომ როგორც კი ჩანაწერი დაიდება გავგზავნი ლონდონში ექსპერტიზეზე და პასუხი ეს იქნება“, – ამბობს ეკა ხერხეულიძე.