ინტერნეტსივრციდან გადმოვედით სამუშაო სივრცეში – რატიანი მედიკოსების შეკრების მიზეზზე

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ქართველი მედიკოსების შეკრების მიზანზე ისაუბრა.

„მე გუშინ გითხარით, რომ ექიმები ყველა ერთი დიდი ოჯახი ვართ. აქედან გამომდინარე, ინტერნეტსივრციდან გადმოვედით სამუშაო სივრცეში. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს ხალხს, იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდებათ ჩვენი დახმარება, ერთიანი სქემით ვუმკურნალოთ.“

„დღევანდელი შეკრების მიზანი სწორედ გახლდათ ჩემი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, ინიციატივა. ქართველი ექიმები, რატომღაც, ვიღაცებს ეგონათ, რომ ვიყავით განცალკევებული არა ბატონო, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და თქვენს სამსახურში გვიგულეთ, სანამ ეს ქვეყანას სჭირდება“, განმარტა რატიანმა.

ჟურნალისტის შეკითხვას, იყენებს თუ არა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა პლაქვენილს, ლევან რატიანმა უპასუხა, რომ ისინი იყენებენ აღნიშნულ პრეპარატს.

„ჯერჯერობით, FDA-ს არ ამოუღია ეს იმ პრეპარატების ნუსხიდან და უარყოფითი ნიშანი მისთვის არ დაუწერია. და იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უკვე ცხრა პაციენტი გაიწერა ჩვენი კლინიკიდან გამოჯანმრთელებული მდგომარეობით და გვაქვს დადებითი დინამიკა მიღწეული და ლეტალობის ინდექსი ძალიან დაბალი გვაქვს, ალბათ ეს სქემა ამართლებს“, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა.

„ეს არის ჩვენებით გამოსაყენებელი პრეპარატი. ამის გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამბოლატორიულ პირობებში და ისეთ პაციენტებში, როგორებიც არიან მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. ხოლო კრიტიკულ პაციენტებში, რა თქმა უნდა, ვიყენებთ პროტოკოლის გათვალისწინებით“, აღნიშნა რატიანმა.

რატიანის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ იგი კლინიკაში მკურნალი ექიმია, 24-საათიან მონიტორინგს ატარებს. „ჩვენ, ქართველმა ექიმებმა ძალიან კარგად ვიცით პლაქვენილის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. მინდა, გითხრათ, რომ ამ ეტაპამდე, ჩვენს კლინიკაში პლაქვენილით გართულებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.