ინტერნეტვაუჩერი 90 000 მოსწავლეს და 10 000 სტუდენტს – UNM-ის ინიციატივა

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალი ინიციატივით გამოდის. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა, მათ აქვთ ანტიკრიზისული ვაუჩერის მეორე ეტაპის კონკრეტული ინიციატივა. საუბარია ინტერნეტვაჩერებზე.

„ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, დარჩა უმუშევარი. ჩვენი გუნდი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩასაფრებული პოზიციიდან, არამედ ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას კონკრეტულ, რეალისტურ ინიციტივებს. კომუნალური ვაუჩერების შემდეგ ვსაუბრობთ ანტიკრიზისული ვაუჩერის მეორე ფაზაზე, ესაა ინტერნეტვაუჩერი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ყველა იმ მოსწავლისა და ბავშვისთვის, ვინც ვერ ახერხებს ინტერნეტთან წვდომას, განსაკუთრებით სოფლებსა და პატარა მუნიციპალიტეტებში. გამოთავისუფლებული და შეკვეცილი ხარჯით შესაძლებელია  და სრულიად რეალისტური, 90 000 მოსწავლეს და 10 000 სტუდენტს დაურიგდეს ინტერნეტვაუჩერი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.  მისი თქმით, საამისოდ საჭიროა 15 მლნ ლარი.

გუშინ პარტია გამოვიდა ინიციატივით, მოსახლეობამ, ვინც  კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა, კომუნალური ვაუჩერები მიიღოს.