„ინტიმური ფოტოების გავრცელების მუქარით, სქესობრივ კავშირს აიძულებდა" - დააკავეს ერთი პირი

პუბლიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების 11 ფაქტი გახსნა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბრალდებული დაზარალებულებს ატყუებდა, რომ ფოტოგრაფი იყო, რა გზითაც მათ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო ფაილებს დაუფლა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გ.ქ. წლების განმავლობაში, ინტერნეტ სივრცეში, მათ შორის, სოციალურ ქსელ „Facebook“-ის სხვადასხვა ჯგუფებში, განცხადებებს ათავსებდა, სადაც მოტყუებით უთითებდა, რომ იყო ფოტოგრაფი და ქალის თეთრეულის რეკლამისთვის ფოტოსესიაზე გოგოებს სპეციალურად შერჩეულ ბინებში იწვევდა. გარდა ამისა, იგი შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ქალბატონებს ძიძის/მომვლელის და მასაჟისტის ვაკანსიაზეც იბარებდა ბინაში, დაინტერესებულ პირებს ეცნობოდა გამოგონილი ვინაობით, მათ შორის – ნუკრი ჯიოშვილის და ივანე ჯაიანის სახელით, რის შემდეგაც შედიოდა მათთან კომუნიკაციაში და ცდილობდა ნდობის მოპოვებას.

ბრალდებული მამაკაცი, ბინაში მოტყუებით მიყვანილ დაზარალებულებთან ე.წ საცდელ ფოტოსესიას აწყობდა, რა გზითაც მოტყუებით მოიპოვებდა დაზარალებულების ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო ფაილს.

ფოტოსესიის შემდგომ პერიოდში, ბრალდებული აღნიშნულ ქალბატონებთან ცდილობდა კომუნიკაციის გაგრძელებას და რიგ შემთხვევებში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინტიმური ფოტოების გავრცელების მუქარით, აიძულებდა სქესობრივი კავშირის დამყარებას. ბრალდებული, ასევე, დაზარალებულებს სასმელში გაურკვეველ ნივთიერებას უყრიდა და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მსხვერპლთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა, რა დროსაც იგი ფარულად, უკანონოდ ახდენდა დაზარალებულებთან სქესობრივი კავშირის ვიდეო გადაღებას და დაარქივებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბრალდებული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 19 წლის დაზარალებულის პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის ფაქტზე, 2024 წლის 22 მარტს დააკავა. სპეციალური საგამოძიებოს ინფორმაციით, ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, მათ შორის ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები, რომელთაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა.

„აღნიშნულ ეტაპზე გამოძიების მიერ შესწავლილ კომპიუტერულ მოწყობილობებში არსებული ელექტრონული ინფორმაციის, მათ შორის, ფოტო/ვიდეო მასალის, ბრალდებულსა და დაზარალებულებს შორის არსებული მიმოწერებისა და ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იდენტიფიცირდა 11 დაზარალებული, რის შედეგადაც მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით, მამაკაცს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, ასევე, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების დამატებით 11 ეპიზოდზე წარედგინა”, – აცხადებენ საგამოძიებოში.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა – დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.