ინვესტორი მერიას ვაკის პარკში სასტუმროს ნაცვლად რესტორნის აშენებას სთავაზობს

პუბლიკა

სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენელმა, გოგა ზაქაიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა და მერიას ახალი წინადადებით მიმართა.

ინვესტორი მერიას  ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ აშენების ნაცვლად, რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენას სთავაზობს.

გოგა ზაქაიძის თქმით, კომპანია მზად არის, უარი თქვას სასტუმროს მშენებლობაზე, სანაცვლოდ კი ვალდებულებას იღებენ, აღადგინონ 1958 წელს აშენებული რესტორანი „ბუდაპეშტი“, ისტორიულად არსებული მოცულობისა და ფასადის შესაბამისად.

„მოგეხსენებათ, თბილისის მუნიციპალიტეტი იწყებს ვაკის პარკისა და ისტორიული კასკადის რეაბილიტაციას. სწორედ ამ მასშტაბური პროექტიდან გამომდინარე, ინვესტორი მზად არის, სასტუმროს მშენებლობის ნაცვლად აღადგინოს ამ ადგილას რესტორან „ბუდაპეშტის“ ისტორიული შენობა, რომელიც აშენდა 1958 წელს, ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენდა პარკის განუყოფელ ნაწილს და იყო პარკის სტუმრების ერთ-ერთი საყვარელი და კოლორიტული ადგილი.

ჩვენ მზად ვართ, დავთანხმდეთ მერიის მხრიდან შემოთავაზებულ თავდაპირველ წინადადებას და დავუბრუნოთ რესტორანს მისი პირვანდელი სახე. ისტორიულად არსებული სიმაღლისა და ფასადის შესაბამისად“, – განაცხადა გოგა ზაქაიძემ.

მისი თქმით, რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენა სრულ შესაბამისობაში მოვა ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან.


ერთი წლის წინ, 2019 წლის 25 იანვარს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ: „ვაკის პარკმა გაიმარჯვა და ამ კონკრეტულ ადგილზე არაფერი აშენდება“.

მანამდე კი უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით „მწვანე ალტერნატივის” საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო.

უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს  გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაუქმდა გადაწყვეტილება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შეჩერების შესახებ. 

საქალაქო სასამართლოს ბათილად ჰქონდა ცნობილი განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ.

„თითქმის 5-წლიანი სასამართლო დავის შედეგად ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მერის, გიგი უგულავას 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება, რომლითაც ქ. თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზ. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დაამტკიცდა. ასევე, არ გაუქმდა არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, თუმცა ბრძანების მოქმედების ვადა 2016 წლის 21 სექტემბერს ამოიწურა”, – წერდა „მწვანე ალტერნატივა”.