უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს არასამთავრობო სექტორის იმიჯზე და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ ისაუბრა.
„სამოქალაქო სექტორის იმიჯზე წუხდნენ აქ ცალკეული ჩემი კოლეგები. სინამდვილეში არაფერი ისე არ აზიანებს სამოქალაქო სექტორის იმიჯს, როდესაც კონკრეტული ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ცალკეული მედიასაშუალებები ასაღებენ, თითქოს სამოქალაქო აქტივისტები არიან. როდესაც სამოქალაქო უფლებების დაცვაზე უარს ამბობენ და იცავენ კონკრეტული პარტიების უფლებებს და ინტერესებს. როდესაც სამოქალაქო ადვოკატირებას კი არ ეწევიან არამედ აქციაზე გამოდიან პოლიტიკური მოთხოვნებით, მათ შორის სახელმწიფოს შეცვლის მოთხოვნით. ეს აზიანებს და ამიტომ არის, რომ რეპუტაცია ნულია და კიდევ ის, რომ თითქოს არსებობს გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი, რითაც დიდ შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სადაც დიდი მრავალფეროვნებაა და ამ ქვეყნის ერთგული მოქალაქეები მუშაობენ, რა თქმა უნდა“. – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ.
კანონპროექტს, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, „ხალხის ძალამ“ მოამზადა, მმართველი პარტია არ ემიჯნება.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელთა დაფინანსების გარკვეული ნაწილი უცხოეთიდან არის მიღებული, აგენტებად გამოცხადდებიან. მათ „უცხოური გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციის ვალდებულება ექნებათ.
ასევე, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად, იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა მისთვის საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლება.
ასევე, სამინისტროს მიენიჭება დაჯარიმებისა და ორგანიზაციების იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება. სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს.
ვენეციის კომისიის განმარტებით, „უცხოური აგენტის“ ტერმინი აბრუნებს კომუნისტურ პერიოდში გამოყენებულ რიტორიკას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, აზიანებს მათ რეპუტაციას და სერიოზულად აფერხებს მათ აქტივობებს.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მოსაზრებით, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, „უცხოური აგენტი“ შეიძლება ასოცირებულ იქნას „უცხოელ ჯაშუშთან“ და „მოღალატესთან“, რაც გაართულებს მსგავსი დახასიათების ქვეშ მოქცეულ პირებთან საზოგადოების და განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლების თანამშრომლობას და შედეგად, მათ ჩართულობას პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებით, ამ ტერმინის გამოყენება გაერთიანების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევაა, რამდენადაც ქმნის განცდას, რომ შესაბამისი ორგანიზაციები უცხოურ კონტროლს ექვემდებარებიან.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის გათვალისწინებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მან უნგრეთის მსგავსი საკანონმდებლო მოწესრიგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებსა და სამართალთან შეუსაბამოდ მიიჩნია.