იოსებ ბაბაევს სასამართლომ 1 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

პუბლიკა

გორელ აქტივისტსა და ბიზნესმენს, იოსებ ბაბაევს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოშ მოსამართლემ, გოგა კუპრეიშვილმა მიიღო.

პროკურატურა 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვდა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

„დღევანდელმა მოსამართლემაც იცის, რომ ჩამიდეს იარაღი, იცის ყველაფერი, მაგრამ პირდაპირ სისტემას ვერ ანგრევენ ჯერ, მაგრამ მოვა დრო დაანგრევენ, გორის რაიონული სასამართლო გამამართლებს და დადებს იმ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას, რომ აღიარებენ – პროკურატურამ და დღევანდელმა მოძალადე სისტემამ ჩამიდეს იარაღი”, – თქვა პროცესის შემდეგ იოსებ ბაბაევმა.

ბაბაევს ბრალი დღეს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარუდგინეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იოსებ ბაბაევი 5 ივნისს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

6 ივნისს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ დაუშვებლად მიიჩნია პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გორელი აქტივისტისა და ბიზნესმენის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ და განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა უკანონოდ.

კერძოდ, მოსამართლე დარბაიძემ უკანონოდ მიიჩნია შიდა ქართლის პოლიციის მიერ სერგო ბაბაევის მანქანის და პირადი ჩხრეკა, ასევე, ტანსაცმლის ამოღება და ის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლა.

14 ივნისს ლევან დარბაიძის ეს გადაწყვეტილება შეცვალა ნაწილობრივ დავით ახალბედაშვილმა. მან კანონიერად ცნო იოსებ ბაბაევის მანქანიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება და ის დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია, ხოლო დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია იოსებ ბაბაევის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მაკაროვის ტიპის იარაღი.

შესაბამისად, პროკურატურას ბრალის ხელახლა წარდგენის საშუალება მიეცა.

იოსებ ბაბაევი ანტირუსული გამოსვლებით გამოირჩევა. არის ანტისაოკუპაციო „რესტო ბარის“ მფლობელი და „მთავარი არხის” ცნობით, ხშირად აგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის.

დაკავების შემდეგ ბაბაევი ნაცემი იყო და კვალი მას ფიზიკურადაც აღენიშნებოდა.