იოსელიანი: „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმების საკითხს შევისწავლით

პუბლიკა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ძალადობრივი პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებაზე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას შეისწავლიან.

„მიუხედავად იმისა, როგორი იდეოლოგიის პარტიაც არ უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არის რეგისტრირებული, მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული გაუქმების საფუძვლები, რაც ასევე კანონში წერია. ამიტომ, სახალხო დამცველის აპარატი ამ საკითხს შეისწავლის და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს მოსაზრებას, რამდენად სწორი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საჯარო რეესტრმა“, – განაცხადა იოსელიანმა.


საჯარო რეესტრმა ძალადობრივ, პრორუსულ „ალტ ინფოს” პარტია „კონსერვატიული მოძრაობა” გაუუქმა.

გადაწყვეტილება რეესტრში უკვე ასახულია.

საჯარო რეესტრი სამართლებრივ დასაბუთებად ყრილობის წესდების წარუდგენლობას ასახელებს.

კერძოდ, რეესტრი წერს:

„2021 წლის 6 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა კონსტანტინე მორგოშიას მიერ ხელმოწერილი ახალი წესდება. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წესდება ყრილობას უნდა დაემტკიცებინა. ამდენად, საქართველოს ორგანული კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, განმცხადებელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის პარტიის წევრთა ყრილობის მიერ მიღებული წესდება უნდა წარედგინა, რაც არ მომხდარა”.