იოსელიანი: გირჩევთ, აქციები იმ ორგანიზაციებთან გამართოთ, ვინც ეს ტყუილები დაგაჯერათ

პუბლიკა

ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება ომბუდსმენის ოფისთან დღეს გამართულ აქციას და წერს, რომ რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე ეს ინსტიტუტი არ ივლის და ამას უნდა შეეგუონ მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

ის ამბობს, რომ ოფისთან მისული ადამიანების ნაწილი შეგნებულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, ხოლო ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი. არჩევნებთან დაკავშირებით იოსელიანი ისევ ამბობს, რომ ვერ შეაფასებს გაყალბების საკითხს, ვინაიდან სადამკვირვებლო ორგანიზაცია არაა. მისივე თქმით, არ სჯერა, რომ 100 000 ადამიანს პირადობა ჩამოართვეს, მისი აზრით, „ეს რომ სიმართლე იყოს, მათი ნახევარი მაინც აქციაზე იქნებოდა“.

იხილეთ სრულად:

„დღეს, ჩემს ოფისთან რამდენიმე ადამიანმა აქცია გამართა. მათგან ზოგი შეგნებულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, ზოგი კი, სავარაუდოდ, შეცდომაშია შეყვანილი. მსაყვედურობენ, რომ თითქოს თვალს ვხუჭავ მიმდინარე აქციების დროს პოლიციის მხრიდან პროტესტის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო წამების, არასათანადო, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. იმის დასტურად, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, წარმოგიდგენთ ჩემს მიერ აქციების მიმდინარეობის პერიოდში გაკეთებული განცხადებების მხოლოდ ნაწილს, რომელთა სრული ვერსიები თანდართულ ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ.

რაც შეეხება არჩევნების საკითხს, კიდევ ერთხელ განვმარტავ: მე ვერ შევაფასებ არჩევნების გაყალბების საკითხს, ვინაიდან არ წარმოვადგენ სადამკვირვებლო ორგანიზაციას. ის, რომ ვენდობი ეუთო/ოდირის დასკვნებს და არა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, ჩემი უფლებაა. არ მჯერა, რომ 100 000 ადამიანს პირადობის მოწმობა ჩამოართვეს. ეს რომ სიმართლე იყოს, მათი ნახევარი მაინც აქციაზე იქნებოდა. ამ გარემოების დასადასტურებლად მტკიცებულება არ მინახავს. აქციის ორგანიზატორებისგან მოვისმინე, რომ ამის თქმის უფლება არ მაქვს, რაც უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. გირჩევთ, აქციები იმ ორგანიზაციებთან გამართოთ, ვინც ეს ტყუილები დაგაჯერათ. რაც შეეხება საარჩევნო უფლების დარღვევის ფატებს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდშიც ვაფიქსირებდი და შესაბამის რეაგირებას ვახდენდი ყველა ფაქტზე. იდენტიფიცირებული გვაქვს 110 სავარაუდო დანაშაულის შემთხვევა. თითოეულ მათგანთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული ზომები იქნა მიღებული. ამის დასტურადაც, შესაბამისი განცხადებების ბმულებს ვურთავ.

და ბოლოს, რომელი ტელევიზიის ეთერში გამოვჩნდები, ნამდვილად არ შეგეკითხებით (შეიძლება ადრე ასე იყო). მივალ იქ, სადაც დამიძახებენ და ჩემი აზრის მოსმენა დააინტერესებთ. სანამ მე ვარ სახალხო დამცველი, სიმართლე არ დაიმალება. რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ძირითადად ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის. ამას უნდა შეეგუოთ – მომდევნო 4 წლის განმავლობაში. შეეშვით აპარატის თანამშრომლების თაგვას, დანამუსებას და ზეწოლას, არ ხართ აქ ყველაზე პოპულარული ხალხი“.

განცხადებები, რომლებსაც იოსელიანი პოსტს ურთავს, შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.