იოსელიანი: დაუშვებელია შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ

პუბლიკა

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მიუღებელს უწოდებს დღეს პარლამენტში ქალი დეპუტატების მიმართ გაჟღერებულ სექსისტურ და მიზოგინიურ განცხადებებს.

„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე, დაუშვებელია უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ.

მოვუწოდებ ყველა დეპუტატს თავი შეიკავოს ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან და დაიცვან ეთიკის მინიმალური სტანდარტები! ეს არავის მატებს ღირსებას”, – წერს ის.

„ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მათ შეაგინა და მათი მისამართით მიზოგინიური განცხადებები გააკეთა.

პარლამენტის სხდომა დღეს ხმაურის ფონზე წარიმართა. მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის დაბრუნება დააანონსა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზში ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კი მათ დაემუქრა, რომ ყველას, ვინც „რუსულ კანონს” ახსენებდა, მიკროფონს გამოურთავდა.

ამასთან, დღეს პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტი. კანონპროექტი, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, „გირჩის“ ინიციირებულია და საპარლამენტო უმრავლესობა უჭერს მხარს.

განხილვა ხმაურით, „გირჩის“ და უმრავლესობის სექსისტური და მიზოგინიური განცხადებების ფონზე ჩატარდა.