„მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა განმარტა, რატომ გადაწყვიტა პარტიამ სახალხო დამცველობის კანდიდიდატად 19-ვე კონკურსანტის დასახელება.
პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ყველა კანდიდატს მიეცემა პარლამენტის წინაშე წარდგომისა და საკუთარი მოსაზრების გამოხატვის საშუალება.
მისივე თქმით, მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატის გასაყვანად საკმარისი ხმები არ აქვს, კანდიდატის საბოლოოდ ასარჩევათ მათ ოპოზიციის მხარდაჭერა სჭირდებათ.
„ეს არის ყველაზე გამჭვირვალე, ყველაზე დემოკრატიული პროცესი, რაც კი შეიძლება ამ ადამიანების მიმართ პარლამენტში შედგეს და ჩვენ ამ პროცესის მხარდამჭერები ვართ, ბუნებრივია.
რაც შეეხება სკეპტიციზმს და ჩემი კოლეგების კრიტიკას, მე მხოლოდ ერთი რამე შემიძლია მათ ვუთხრა, როგორც ჩანს, მათ საკუთარ პარტიაში არ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ვიღაცა მხარს არ დაუჭერს, სხვა შემთხვევაში ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, წინააღმდეგი იყო, ყველას მიეცეს შანსი, თანაბარ პირობებში თავისი ხედვები წარუდგინოს პარლამენტს.
„ქართულ ოცნებას“ არ აქვს საკმარისი ხმები და თუ მათ ეყოლებათ თავისი კანდიდატი, ან კანდიდატები, ვინც მათ მხარს დაუჭერს, ესეც გამოჩნდება საჯაროდ. მათ რომ საკმარისი ხმები ჰქონდეთ, მაშინ კრიტიკას მივიღებდი, მაგრამ რადგან მათ არ აქვთ საკმარისი ხმები და ვიღაცამ უნდა შეუვსოს ოპოზიციიდან, აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ლოგიკურ აზრს მოკლებულია არგუმენტი, რომ „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ჰყავდეს თავისი კანდიდატი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
იოსელიანის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.
პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტისთვის 19 კანდიდატის, ანუ ყველა იმ პირის წარდგენას გეგმავს, რომლებმაც სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევისთვის განაცხადი შეიტანეს.