იოსელიანი საიაზე: ეს მხოლოდ ერთი ორგანიზაციის აზრია

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში საარჩევნო რეფორმის პროექტზე ისაუბრა და პროექტით გათვალისწინებულ ზოგიერთ საკითხზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კრიტიკას უპასუხა.

საიას წარმომადგენლის ვახუშტი მენაბდის შეფასებით, ორი ფუნდამენტური საკითხი კვლავ პრობლემური რჩება – ერთი, ეს არის საარჩევნო სისტემა და მეორეა – საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი.

ლევან იოსელიანის თქმით, ეს მხოლოდ საიას მოსაზრებაა და ამ ორ საკითხზე მათი პოზიციები საიას მოსაზრებებისგან განსხვავებულია.

„ეს არის მხოლოდ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის აზრი, ვგულისხმობ საიას და ბატონი ვახუშტის აზრი. არის საკითხი რომელზეც ჩვენ ვერ შევთანხმდით. ეს არის საკითხი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარების მონაწილეობას ეხება. ჩვენ ვთვლით, რომ მაჟორიტარული კომპონენტი – პროპორციით ერთი ოთხზე უნდა შენარჩუნდეს [თბილისში 10 მაჟორიტარი და 40 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი]. მათი აზრია, რომ მთლიანად პროპორციული უნდა იყოს როგორც თბილისში, ისე მთელ საქართველოში. ამ ნაწილში ვერ შევთანხმდით. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრება ნაწილობრივ მაჟორიტარების შენარჩუნების იდეის სასარგებლოდაა.

მაგალითად, ალეკო ელისაშვილის ბიოგრაფია ადასტურებს იმას, რომ, რომ არა მაჟორიტარული სისტემა ის საერთოდ ვერ შეძლებდა პოლიტიკურ აქტივობას. შესაბამისად, ადამიანებს არ უნდა მოვუსპოთ ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის მოსაზრებების დიდი ნაწილი გაზიარებულია, თუმცა ამ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. მისივე თქმით, არის მეორე საკითხიც, რაზეც მათი აზრები განსხვავდება და ის ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს ეხება.

„არასამთავრობოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ სრულიად პროფესიული წესით უნდა დაკომპლექტდეს. მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ პარტიული კომპონენტი უნდა იყოს შენარჩუნებული, ანუ ყველა პარტიას ჰყავდეს თავისი წევრი კომისიაში. ახლა ყველა პარტიას ეყოლება თავისი წევრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მეორე მხრივ, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული ადამიანები უნდა შევარჩიოთ სწორი კრიტერიუმებით. მთავარია, ხელისუფლებამ იქ ვერ შეძლოს მისდამი ლოიალურად განწყობილი პირების შეყვანა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ვახუშტი მენაბდის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ადგილობრივ დონეზე საარჩევნო სისტემა, კვლავ შეუთანხმებელი რჩება. „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტით, ცესკოსა და საოლქო კომისიების წევრთა რაოდენობა 17-მდე იზრდება და 8-პროფესიული და 9-პარტიული წევრის პრინციპით დაკომპლექტდება. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციებში 9 წევრს პარტიები შემდეგ შემთხვევაში დანიშნავენ: თუ პარტიას მიეკუთვნა პარლამენტის წევრის მანდატი, ეკუთვნის საბიუჯეტო დაფინანსება და ჰყავს სულ მცირე ერთი წევრი მაინც, რომელიც პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას ახორციელებს“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.